მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ „მიამბე აფხაზეთზე“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი ვიდეომასალის სპეციალური ვიდეოინსტალაცია, რომელმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანების მოგონებები აფხაზეთის შესახებ და ამასთან ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

პროექტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი აერთიანებს საზოგადო მოღვაწეების პირად ნარატივებს, ემოციებსა და მოგონებებს აფხაზეთის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მედიარქივად ჩამოყალიბდა. „მიამბე აფხაზეთზე“ სხვადასხვა ადამიანების ისტორიების საშუალებით ინახავს საერთო მეხსიერებას აფხაზეთის ქალაქებზე, ადამიანებზე, ბავშვობაზე, თანაცხოვრებასა და დაკარგულ ყოველდღიურობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის (2 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

იდენტიფიცირებულ პირებს, ოჯახების გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

დღეს ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ზურაბ იარაჯულის გმირობა გაიხსენა, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შეწირა.
 
„ზურაბ იარაჯული იყო პიროვნება, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის გმირობის, ღირსებისა და პატრიოტიზმის შეუფასებელ მაგალითად იქცა.
 
ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
 
ღონისძიება აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა, სადაც სიტყვით აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მეომართა მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია წარსდგნენ.
 
ბიუსტის გახსნას ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 
საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავი 1993 წლის 13 ივლისს, სოფელ შრომასთან სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჩამოაგდეს. მან მტრისთვის დანებებაზე უარი განაცხადა და შეტაკებისას დაიღუპა.
 
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, ფერწერის მასტერკლასები გაიმართა და მოეწყო ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილები“ დაეტოვებინათ.

ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს.

​ამ საზეიმო განწყობის პარალელურად, ჩვენ ერთი წამითაც არ გვავიწყდება ის მძიმე მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ყოფნა. თუმცა, ხელოვნური ბარიერები უძლურია იმ ემოციური და გენეტიკური კავშირის წინაშე, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.

​ჩვენი მიზანია, აფხაზეთი ვაქციოთ არა ტკივილის, არამედ ახალი შესაძლებლობებისა და საერთო მომავლის სივრცედ. აფხაზეთი ჩვენი წარსული, აწმყო და, რაც მთავარია, ჩვენი გარდაუვალი მომავალია!“, განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ, 99 წლის დევნილ ვეტერან ორესტი ბერულავას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

„ეს გამარჯვება კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი გმირი ვეტერანების თავდადებამ და შეუპოვრობამ მოიტანა. ჩვენი უპირველესი ვალია, არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს, არამედ მომავალ თაობებს უცვლელად შევუნარჩუნოთ იმ გმირობის მეხსიერება, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა დაუბრუნა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, ერთადერთი ვეტერანი 2000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებისთვის იმ მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ მიმართულებებს. მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათ შორის სტიპენდიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების გაფართოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, ახალ მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბ „BDC-ში“ ქორეოგრაფიული დადგმის - „მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ პრემიერას დაესწრო.
 
სპექტაკლი ტრადიციული ქართული ცეკვის, თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.
 
„BDC-ის“ დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელია აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია.
 
„BDC“ თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სივრცეა, რომელშიც გაერთიანებულია პროფესიონალური ხმის ჩამწერი, ვოკალური და საბავშვო შემოქმედებითი სტუდიები. ჰაბის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, სადაც წარმოდგენები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე ვეტერანების დამსახურებასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
 
"მინდა მოგმართოთ ჩვენს დევნილ ვეტერანებს, რომლებმაც გამოიარეთ ომის ქარცეცხლი და ამავდროულად, საკუთარ თავზე იწვნიეთ დევნილობის სიმწარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის თქვენი სოციალური და სამართლებრივი დაცვა, თქვენს წინაშე არსებული ყოველდღიური გამოწვევების მოგვარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი მებრძოლი არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციაზე, ვეტერანებმა, ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.
 
აფხაზეთის მეომართა კავშირი იმ ქართველ მებრძოლებს აერთიანებს, რომლებიც 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
 
ბარამიას ქუჩაზე უკვე დასრულდა აფხაზეთიდან დევნილთა ორი მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი.
 
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტისათვის ბიუჯეტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის გამოყოფილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კოდუასთან ერთად, ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
 
პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლებაში, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი. ასევე, განხორციელდება წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
 
პროექტი ხორციელდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 473 690 ლარს შეადგენს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.

აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვა.
 
ღონისძიების ფარგლებში, სახელოვანი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სტიპენდიით 12 სპორტსმენი, ხოლო გამოჩენილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სტიპენდიით 7 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
 
ვიქტორ სანეევის სტიპენდია მიენიჭათ: ლუკა ბერულავას - ფიგურული ციგურაობა; დუგლას დგებუაძეს - მკლავჭიდი; ქეთი რობაქიძეს - ძიუდო; მარიამ მარშავას - ტყვიის სროლა; გიორგი მუმლაძეს - ტყვიის სროლა; ელენე კურდღელიას - ძიუდო; ნონა კვარაცხელიას - ძიუდო; ალექსი თოდუას - თავისუფალი ჭიდაობა; გიორგი მალანიას - კიკბოქსინგი; მარიამ მურღვლიანის - ძალოსნობა; ნათია გადელიას - ძალოსნობა; გურამ ვეკუას - ძალოსნობა.
 
ვიტალი დარასელიას სტიპენდიატები გახდნენ: ელენე კირთაძე-ბატუტზე ხტომა; ანდრია წურწუმია - (ძიუდო; თინათინ გულბანი - ძიუდო; გიორგიტორუა - მკლავჭიდი; ალექსანდრე არქანია - კარატე; ბარბარე შონია - ჭადრაკი; ანდრიაჩხარტიშვილი - მაგიდის ჩოგბურთი.
 
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას შთამბეჭდავი მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული სპორტის განვითარებაში მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიება ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია; საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიები ყოველწლიურად ენიჭებათ საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა. შეხვედრაში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 221 სტიპენდიატს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

„ვულოცავ ახალგაზრდებს მოპოვებულ სტიპენდიას. განათლებული და მოტივირებული თაობა ქვეყნის მომავლისა და განვითარების უმთავრესი გარანტიაა. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად ჩართული იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას“,- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა სტიპენდიის მიღებამ მათი ყოველდღიური სასწავლო პროცესი და რა დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინა მათ პროფესიული განვითარების გზაზე. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერა მათთვის უდიდესი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გააგრძელონ სწავლა.

შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა და მზაობა გამოთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს სტუდენტურ ინიციატივებს და გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამების მასშტაბების გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 221 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილმა სტუდენტმა 200 და 300 ლარიანი სტიპენდიები მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.