მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებს გაეცნო და მედიკოსებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით კოდუა და გენრიეტა წიწავა, ასევე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გახსნილი სილამაზის სალონი და სამკერვალო სახლი და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად, არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ ხუბუასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში, გენერალ-მაიორ თამაზ ნადარეიშვილს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  დევნილებმა ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხი პირადად მთავრობის თავმჯდომარისგან და მინისტრებისგან მიიღეს.

შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა და 18 ივლისს დაიღუპა. ის იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი და აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო "საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.

გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა.
 
ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამართული ღონისძიების ფარგლებში 5 სპორტსმენი დაჯილდოვდა: თინათინ გულბანი (ძიუდო), გიორგი ტორუა (მკლავჭიდი), სარა ბენდელიანი (ტაეკვონდო), ცოტნე დგებუაძე (კალათბურთი) და ალექსანდრე არქანია (კარატე).
 
სტიპენდიის მფლობელები ყოველთვიურად ფულად პრიზებს მიიღებენ, რაც მათი სპორტული მიღწევების გაუმჯობესებასა და კარიერის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა ვიტალი დარასელიას მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერასა და წახალისებას ემსახურება.
 
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში, დადასტურებული მიღწეული შედეგების მიხედვით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდაჭერის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. ამ მიზნით დღეს მათთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გავმართეთ, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები და ის მხარდამჭერი პროგრამები, როლებსაც დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებენ. მცირე მეწარმეებთან, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

პანელურ დისკუსიებში შეხვედრის მონაწილეებმა მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობის სხვა საკითხებზე გაამახვილა.

თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა  მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხზე დროულ რეაგირებას დაჰპირდა.

"აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაცნობა უმნიშვნელოვანესია არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და დროული რეაგირებისთვის.

ჩვენი მიზანია, საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული საკითხი, რათა არცერთი პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და აფხაზეთის მთავრობის აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ალიონა ჩხოტუამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლიდან იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ ვარჯიშს დაესწრო. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც ახალგაზრდა დევნილი სპორტსმენები დგანან.

გიორგი ჯინჭარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის, როგორც ახალგაზრდების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის როლს და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობასა და სპორტული მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე მსახიობებმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა.
 
მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
 
გიორგი ჯინჭარაძემ ექიმებს დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან პოლიკლინიკების მხარდაჭერასა და სამომავლოდ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ და ეროვნულ ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და შერიგების პროცესში ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„იმ პირობებში, როდესაც მიდის ისტორიის გაყალბების მცდელობა, უმნიშვნელოვანესია ჩხოტუების არქივის მნიშვნელობა. ეს ფოტომასალა, კულტურული მემკვიდრეობა და გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ისტორიულ კავშირს, რომელიც ჩვენ აფხაზი ხალხის მიმართ გვაქვს და ქართველებისა და აფხაზების საერთო კულტურულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მთავრობის მკვლევრები აქტიურად მუშაობენ მსგავსი ისტორიის წინ წამოწევაზე და პოპულარიზაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნდობის აღდგენისა და ერთიანობის სურვილს, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის წლების მანძილზე არსებობდა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა, 2024 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.