- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის პროცესი. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნის პროცესზე.
სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა.
პროექტში აფხაზეთიდან დევნილი, 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებსა და შეხვედრებში იყვნენ ჩართული. ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარები სხვადასხვა თემაზე და გაიმართა შემეცნებითი ღონისძიებები.
ბანაკის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა აფხაზეთმა ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინა.
ახალგაზრდული ბანაკის მიზანია, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.
105 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ჩამოვიდნენ ევროკავშირის, კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის საქსტატის მიერ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი იხილეს. მათ შორის, სტატისტიკის 105 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, სადაც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო სამსახურის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია.
105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საპატიო სიგელი გადასცა საქსტატის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სტატისტიკის სისტემაში უკვე 55 წელია მუშაობენ.
აღმასრულებელმა დირექტორმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყველა ყოფილი ხელმძღვანელი საქსტატის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა სტატისტიკის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საქსტატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა.
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თამაზ ნადარეიშვილი არის ასევე აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა.
ჟურნალ „რიწის“ ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით, რითაც მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან. ჟურნალი მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და საინტერესო რუბრიკების ქვეშ ქართველ და აფხაზ პოეტებს აერთიანებს.
„რიწა“ 49-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა, მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც, თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის.
პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალ „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების, უკანონო დაკავებების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრა.
რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, ასევე ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებს და ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი მარკ ნორდბერგი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, პროექტები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ადგილზე გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინეს მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერმა ქეთევან გორგოშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მიმართეს.
ღონისძიების ფარლებში, საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
ამბასადორიალზე გამართულ სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, საქართველოს როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დიპლომატიის და მიგრაციის საკითხები განიხილეს. ახალგაზრდა ელჩებმა წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა.
პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ, ახალგაზრდა, მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ გიორგი გაბედავასთან ერთად, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საგანმანათლებლო რეფორმებისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელ სტივენ კინგს შეხვდა.
შეხვედრაში სქილვილის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე და სქილვილ-საქართველოს დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი მონაწილეობდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გაამახვილა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განათლების მიმართულებით არსებულ პროექტებსა და პროგრამებს, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდებით ახორციელებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, როგორც ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი გაბედავამ შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
ღონისძიების ფარგლებში ქალაქ სტამბოლში მოქმედი ედირნექაფის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მინისტრის აპარატმა წიგნები გადასცა.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.
ლიანა ისაკაძემ ვირტუოზული საშემსრულებლო და სადირიჟორო მანერისა და ბრწყინვალე ტალანტის დამსახურებით სიცოცხლეშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და პრემიის ლაურეატი.
მისმა მრავალფეროვანმა და უნიკალურმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო როგორც კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე ქართული სამუსიკო ტრადიციების განვითარებას.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.
რუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში, ტაძრის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1993 წლის 5 ივლისს მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.
შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება აფხაზეთის მთავრობისა და სტამბოლის აკადემიური წრეების ერთობლივი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მონაწილეებს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაჰიის დულმუფინარის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ბეიქენთის კერძო უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ნიშანთაშის კერძო უნივერსიტეტისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი მინისტრის აპარატისა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიმდინარე პროცესებს.
რუსლან აბაშიძემ პატრიარქს დეტალურად გააცნო ოკუპაციასთან და ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებული პროცესების ნეგატიური გავლენა აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.
მსოფლიო პატრიარქმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ურყევად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პატრიარქს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.