- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით იჩენს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას და მათი მხარდაჭერით დღეს დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ ბათუმში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დასწრებოდნენ და ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილეები გამხდარიყვნენ“, - რუსლან აბაშიძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის „სფფ – აკადემია რუხი“-ს ტერიტორიაზე პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს, სადაც მოზარდები 10-დღიან საზაფხულო სპორტულ შეკრებას გადიან და საფეხბურთო წვრთნებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგიამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებას, მეომართა კავშირის საქმიანობის ხელშეწყობას, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების მხარდაჭერის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ასევე სხვადასხვა პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას.
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1993 წლის 5 ივლისის მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედ ასოციაციას „TODOS SOMOS NIÑOS“ (ყველანი ბავშვები ვართ) და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ის თანამშრომლობის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა.
დევნილი ბავშვები ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ესპანეთში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.
ესპანეთში გამგზავრებამდე პროგრამის ბენეფიციარებს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ზალიკოს ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მიზანი, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების წევრთა მხარდაჭერაა.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
მოხსენებაში პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
„რაც შეეხება დევნილების საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. შედარებისთვის, თუ ავიღებთ 2012 წელს, რა დაგვხვდა, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ. გაათმაგებულია დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს. ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში. დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს. ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება მომდევნო 2-3 წელიწადში“.
მთავრობის ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახორციელებს.
„შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკა. ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს არ აქვს გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა.
მე მინდა ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად. არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ზუგდიდში, აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.
საგანმანათლებლო სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ თანადაფინანსებით მოეწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბათუმში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვებიან. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 58-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ კონტექსტში აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების არსებითი მნიშვნელობა.
ასევე, აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის გამართვა 2023 წლის 11-12 ივლისს იგეგმება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრსა და ხსოვნას უკავშირდება.
ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რისი ერთ-ერთი წარმატებული მაგალითიც არის წლების განმავლობაში წარმართული ერთობლივი ქართულ-აფხაზური ძალისხმევა, შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების მოძიებისა და ისტორიული პუბლიკაციების გამოცემის მიმართულებით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი და აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიას, არქივს, პროექტის ფარგლებში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც მიმოიხილეს თითოეული გამოცემის მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობა და სამუშაო პროცესი.
რუსლან აბაშიძემ ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ არქივისა და უნიკალური საარქივო მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
ქართულ-აფხაზური პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მიმართეს. სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
გაგრის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მოღვაწე ცნობილი ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.
ღონისძიების ფარგლებში, გაგრის საზოგადოების წარმატებულ წარმომადგენლებს ნაყოფიერი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიება საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის" ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა.
მინისტრის აპარატის პროექტში „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებიდან ორმოცამდე (15-დან 17 წლამდე) მოზარდი იყო ჩართული, რომლებმაც არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გამართა - შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსლან აბაშიძემ მიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სალონიკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები ესწრებოდნენ.