მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. რუსლან აბაშიძემ ოჯახის წევრებს აფხაზეთის მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.

„დღეს შვიდი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ეს ტრაგედია ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის არაჰუმანურ და დამნაშავეობრივ სახეს.

ქვეყნის ხელისუფლება კვლავაც არ დაიშურებს ძალისხმევას ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად. მომავალშიც გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივ ინსტრუმენტებს და საერთაშორისო ფორმატებს, სამართლის აღსასრულებლად.

საქართველო არასოდეს შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რასაც ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია და სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, არტემ კოპალიანს ესტუმრა, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა.

მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ, ხანდაზმულ ვეტერანს იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა უსურვეს და კომპანია ,,კარფურის’’ მხარდაჭერით საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი ზურაბ შამუგია მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში, პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სასწავლებლის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნო.

კოლეჯის ბაზაზე, ამ ეტაპზე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან პროფესიული განათლება ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. მათ „შიდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტის“ პროფესიულ პროგრამაზე ოთხთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს. პროგრამა გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მოქმედი, ახლადაშენებული სახელოსნო მოინახულა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" თანამშრომლობით ხორციელდება. სახელოსნოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები „ხის მხატვრული დამუშავების“ პროფესიულ პროგრამას ეუფლებიან.

კოლეჯი „ლაკადა“ სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალი დონის მიღწევას რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებაზე.

ღონისძიებაზე რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მთავრობის თავმჯდომარემ კოლეჯის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებისთვის და კოლეჯის სამომავლო განვითარების საქმეში მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეხვედრებში კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეანა ქუხილავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ფონდ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი დაჩი ახვლედიანი და კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის, დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

საღამოზე ნაჩვენები იყო ეპიზოდები რეჟისორის ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.

შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვმა მაყურებელთან მის ამერიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდებს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ასევე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას ვზეიმობთ. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ძლიერი ევროპული ოჯახის წევრობა, რადგან სწორედ ევროპა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და კეთილდღეობის გარანტია.

დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს ყველაზე ახლოს არის ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასთან. ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული ტემპებით მიიწევს წინ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე და ძალიან მალე საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

კიდევ ერთხელ  გილოცავთ ყველას! საქართველოს და მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას.“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

 

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, კუნძულ ტექსელის მერმა მიხილ აუთდენჰაგმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ.

„დღეს პატივს მივაგებთ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, მათ ვინც ტირანიის წინააღმდეგ ტექსელის კუნძულის მაცხოვრებლებთან ერთად იბრძოდა.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა ნიდერლანდელმა მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ჯარისკაცებს. ეს მოვლენა ყოველთვის დარჩება ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის საუკეთესო მაგალითად. ქართველებისა და ნიდერლანდელების მონაწილეობამ ამ ტრაგიკულ მოვლენებში შექმნა საერთო ისტორია, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს და გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობებს,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა და ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი, იაკობ გაგულაშვილი ესწრებოდა.

ტექსელის კუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ტექსელის მერთან, მიხილ აუთდენჰაგთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ტექსელის მერს ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმის პროექტის განხორცილების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრა გაიმართა ასევე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ დევნილი ახალგაზრდებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.

პროექტი ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს, სადაც  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 დევნილი მოზარდი     დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადების (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით გადამზადდება.

„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება. პრეზენტაციას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს კონსტრუქციული დიალოგის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი გადაეცემა.

,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ“ 10 ტონა შესაწამლი პრეპარატი „ბიფეტრინი“ პროექტის კოორდინატორებს გადასცა. ღონისძიება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და აღნიშნულ პრეპარატს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ე.წ. „ფრანგულ პარკში“ დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი.

ბიუსტის გახსნის ცერემონიალს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ალასანიას ოჯახის წევრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირის, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიუსტი მამია ალასანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  შეიქმნა.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, მამია ალასანია ქალაქ სოხუმში მოკლეს, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.

რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ორი თვის განმავლობაში, 14 - 17 წლის ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციის, კომუნიკაციის პრინციპების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის მიმართულებებით გადამზადდებიან. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოზარდებს სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

დღესვე, აღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ანზორ მარგიანი და ნანა გაბელია დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლებმაც ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი, სამი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა საპრეზენტაციო კონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის განახლებული საკონცერტო პროგრამა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები, მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ანსამბლის ისტორიის წარმოჩენა, ახალ თაობაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის გაზრდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კონფერენციის „დიალოგი მშვიდობისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრები, რომლებშიც საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით იმართება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იმავდროულად აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარეა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადების და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ადგილობრივ სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარე წლის ბოლომდე შეიქმნება დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენის, უწყების და დარგის ინტერესები.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციების მიწოდების მიზნით, აქტიურად იმართებოდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზენტაციის ბოლოს რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ანგარიში დადებითად შეაფასა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.