მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამ აქუბარდიას, ბიძინა სიდიანის და პაპუნა პაპასკირის ნამუშევრები. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი, ტილოსა და ხეზე შესრულებული შემოქმედება გააცნეს. გამოფენის პარალელურად, ქართველი და ინდოელი მხატვრების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, აგრასა და ჯაიპურში კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრები მოეწყო.

ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად გაიმართა და მასში 4 ქართული თეატრალური დასი მონაწილეობდა. ფესტივალი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო და აქტიურად გაშუქდა ინდოეთში ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა „ფერების ზღვა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

გალერეაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას, თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა ჯუღელის, და ნანა ესიავას პერსონალური ნამუშევრები.

გამოფენა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დალი ჯონჯუა, გულიადა ჭკადუა, მედეა კორსანტია, ვენერა რურუა, მანანა ბიგვავა, მარი ჟღენტი, ხათუნა გოგია, ეკატერინე შუკვანი, სვეტლანა კვიკვინია და ციალა კოპალიანი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის თემატიკის ინტენსიურად გაშუქებაში.

ასევე, დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები ნანა და ნონა ქობალიები, რომლებსაც რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირადად ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედები მოინახულა. რუსლან აბაშიძემ და ანზორ მარგიანმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 251 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.

საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა და მისი მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას ესთერ მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ისრაელის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით  სამომავლო თანამშმრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან მრავალმა ქართველმა თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას. მათმა ღირსეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და წლების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, პროგრესით და განვითარებით. ჩვენ მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.

დღეს ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოფილია“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.

საღამო თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

ფუტსალში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის (ზამთრის თასი) მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „დინამო“ სოხუმი და „კვარტალი“ თბილისი შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ქალთა გუნდის გამარჯვებით 6 : 5 დასრულდა და მიღწეული შედეგით სოხუმის ქალთა გუნდი ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზებს.

მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად,  საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ გახსნეს. პრეზენტაცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზიდენტმა, პროფესორმა თამარ კერძაიამ წარადგინა.

გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე. კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებმა, პანელური დისკუსიების ფორმატში, უახლესი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ტრენდები შეაფასეს. ღონისძიების ბოლოს ექსპერტთა ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექპერტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რუსლან აბაშიძემ დანიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ანე ტოფტ სორენსენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას დანიის ელჩის თანაშემწე სებასტიან რასმუსენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.