მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას:

„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.

ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში.

ასევე მინდა გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა.

პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს. შეხვედრაზე ასევე არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მთავრობის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს შეეხება: „წლებია, რუსული ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების მეშვეობით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის არსებული მდგომარეობის დაფიქსირება და, რაც მთავარია, მათი დაცვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს! ძეგლების ისტორია არის ძალიან დიდი! ისინი ასახავენ ქართულ-აფხაზურ საერთო ისტორიას, რომელმაც, შესაძლოა, ქართული და აფხაზური საზოგადოების კვლავ გაერთიანება შეძლოს! ამიტომ, ჩვენი მხრიდან, აუცილებელია საერთაშორისო მისიებთან ძალისხმევის გაორმაგება, რომ მათი აქტიური ჩართულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები განადგურებისგან დავიცვათ!

საქართველოს სხვადასხვა არქივში დაცულია თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ანაზომები და ნახაზები. ამავდროულად, ჩვენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვამზადებთ ვებ- პორტალს, სადაც 200- მდე ძეგლი იქნება დეტალურად აღნიშნული.“

კონფერენციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, UNESCO-ს წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, პარტნიორი ორგანიზაციები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.

წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გამოიცა.

პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

რუსლან აბაშიძემ რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო კალათები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც აფხაზეთის სულიერების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სივრცე მოეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებს და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე წარუდგინა.

ლევან ჩაკვეტაძე დღემდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი დევნილი მეწარმეების პროდუქცია.

შეხვედრა გაიმართა ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზთა (ეგვიპტეში მცხოვრები აფხაზთა დიასპორა) საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. შეხვედრაზე ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნები გადაეცა, რომლებიც ბიბლიოთეკის საცავში განთავსდა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ღია სივრცეში გაიმართა, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.

ღონისძიება გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდებიც. სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა სპეციალური აქტივობა - აღმოაჩინე ახალი პროფესია, დამთვალიერებელს ინტერაქტიულ პროცესში 10-ზე მეტი პროფესიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპანელო მოხსენება თემაზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობა სამშენებლო სფეროს მაგალითზე“.

გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების განმუხურის საჯარო სკოლის და ახალკახათის აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს (WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იოანეს მარონიტისს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის მიზნით იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სტუმარს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ პირველადი ფინანსური დახმარება გაუწია ხანძრით უკიდურესად დაზარალებულთა ოჯახებს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად საჭირო მასალებისთვის მიზნობრივი ვაუჩერი გადაეცათ. ხოლო იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელი ნაგებობები დაეწვათ, მატერიალური დახმარება გაეწია.

ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ აგრძელებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხანძრით დაზარალებულ  ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგულარულად მუშაობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ – განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც COVID-19 პანდემიის პირობებში დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

2020 წელს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის უმთავრეს მიზანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობისათვის აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანება, მოსახლეობაში სამშვიდობო ტენდენციების გაძლიერება და დევნილი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის  მიერ გახშირებულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელების ფარგლებში მიმდინარე მუშაობას; მზარდ მილიტარიზაციას; ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს; საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს. მინისტრის მოადგილემ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც  ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში, არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებზე, რასაც ბოლო ორი თვის პერიოდში საქართველოს ხუთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

შეხვედრაზე კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტი ეფექტიანად იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.