მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ-პანელური დისკუსია თემაზე „საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ გაიმართა.

ვებინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

ონლაინ შეხვედრაში საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი პროფესორი ვაიოს კოუტრულისი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი) და საერთაშორისო სამართლის მკვლევარი მარიამ ბეჟანიშვილი (ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამართლის ლაუტერპახტის ცენტრი) მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე და აფხაზეთში საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პრეზენტაციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვებინარი სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „შეჭრა“ წარმოდგენა გაიმართა.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე, რომელმაც დაკარგა საკუთარი სახლი, მიწა, ოჯახი, იდენტობა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას დევნილობაში აგრძელებს.

სპექტაკლი „შეჭრა“, სოხუმის დაცემიდან 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, სოხუმის თეატრის სცენაზე პირველად თამაშდება.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„სოხუმის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღი. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ბევრი ღირსეული მამულიშვილი, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს, რათა მათი სახელები არ მიეცეს დავიწყებას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ შეიარაღებულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს და დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. 

მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. ნდობის მშენებლობის ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის დანაკარგი და ერთმანეთისთვის ჭრილობების მოშუშებით, ერთმანეთის უფლებებისა და ღირსებების პატივისცემით უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ შერიგებისკენ.

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, ევროპულ და ერთიან სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩებზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.

პროექტში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. სტუმრებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დევნილი ახალგაზრდებისთვის  მოეწყო ასევე ექსკურსია დადიანების სასახლეში. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებაში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართა იმერეთის რეგიონში. რუსლან აბაშიძე წყალტუბოში, ხონსა და თერჯოლაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

გრძელდება შეხვედრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აჭარის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე ეკატერინე დგებუაძეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველ ლია გიგაურს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი განათლების მიმართულებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის კუთხით სამომავლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე უმაღლესი განათლების მოსამზადებელი  პროგრამების განვითარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროექტი განხორციელდა. დღეიდან 420 ოჯახი ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებს. ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ახალ დასახლებაში რეგისტრირებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონსა და ჭიათურაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპოუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წყალტუბოში, ხონსა და სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.