- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მონაწილეობდნენ.
მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.
მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.
საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 8 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (5 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ასოციაციის მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო პროგრამებზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, აღნიშნული ციფრული პროგრამების მიწოდებისა და გამოყენების მიზანშეწონილობაზე დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. გამოიკვეთა ორივე მხარისთვის საინტერესო და საჭირო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები და სფეროები.
შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია და პროფესიული განათლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი ესწრებოდნენ.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით იტალიაში, რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ICMPD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გზამკვლევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეადგინა. გზამკვლევები ასევე შექმნილია ესპანეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორებისთვის.
პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018-2019 და 2020-2021 წლების გამარჯვებულებმა ნენო გაბელიამ და მარიამ ბოჭორიშვილმა წარუდგინეს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოდიშარიამ ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა. საფლავი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულმა ნენო გაბელიამ მოიძიეს.
ახლადაღმოჩენილი საფლავი რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ასევე, 26 ნოემბერს, რომში გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარის, ნენო გაბელიას მიერ იყო ორგანიზებული, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა „Coro Polifonico Musica Creator” ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.
სახვითი ხელოვნების დარგში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებისთვის ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2021 წლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, წელს პირველი ადგილი ვანო ქავშბაიას, მეორე ადგილი ელდარ ქავშბაიას, ხოლო მესამე ადგილი ავთანდილ თოფურიას მიენიჭა. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცეს.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით გაიცემა. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.
ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახლად რეაბილიტირებულ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ოფიციალურად განახლდა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობის კეთილმოწყობილ გარემოში და განახლებულ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
სკოლაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 120 ბავშვი იღებს განათლებას. შენობას სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩაუტარდა.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სკოლას საჩუქრად აფხაზეთის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან- ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მომდევნო, 55-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები და რუსეთის უკანონო ქმედებები, რომლებიც იწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებას.
ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელების თვალსაზრისით მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებულ ე.წ. შეთანხმებებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სხვადასხვა სისტემაში ინტეგრაცია.
განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები, ასევე საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მიზნით, განხორციელებული სამუშაოები, რაც ქმნის ვითარების ესკალაციის რისკს და ამავდროულად წარმოშობს მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს და დასვა საკითხი ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთსა და გალში IPRM-ების შეხვედრების შეუფერხებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას.
მწვავედ დაისვა ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხები. ასევე, აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე ახალგორის რაიონში.
საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს.
შეხვედრაზე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობა და პროგრესის მიღწევის საჭიროება დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მხარეებმა იმსჯელეს ამ მიზნით მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისთვის შესაძლო გზების გამონახვაზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეების დაჯილდოებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, რომლებმაც ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდა. მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ნინო გოგოხიამ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა. პროგრამის დასასრულს ახალგაზრდებმა კურსის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ რუმინელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსლან აბაშიძემ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დევნილი საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა ინიციატივების მხარდასაჭერად.
რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გახსნას დაესწრო. პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის (47 ბენეფიციარი) სოციალური სივრცე შეიქმნა. პროექტი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
პროექტი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკას დაფუძნების დღიდან, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს და მის დაქვემდებარებაშია.
არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი აფხაზეთის მთავრობაში არც განხილულა. პოლიკლინიკა ჩვეულ რეჟიმში, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პაციენტების მიღებას.
გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „People In Need“ (PIN) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ დიონ ბატერსბის შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ფერმერების გაძლიერების ხელშეწყობას.
შეხვედრაში აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და „USAID GEORGIA“- ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოპმანთან ერთად, სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.
ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს. ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.
ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საწარმოს შექმნასა და ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით, ასევე, დაეხმარებიან პროექტების შედგენასა და დონორების მოძიებაში, დამსაქმებლის მაძიებლებს კი - საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.
პროექტი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ’’პროგრამებისა და სერვისების სააგენტოსა“ და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.