მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ფოთში, აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ბაზაზე დევნილი მოზარდებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტში 10-დან 18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები (50 ბენეფიციარი) ჩაერთვებიან. სამოქალაქო ჩართულობის სივრცე 2 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს და სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი ქვეპროგრამის ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება.

ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.

აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარმატებულ ექიმ ქალბატონებს აფხაზეთიდან 8 მარტი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

ისტორიული დღეა საქართველოსთვის. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეტანილი განაცხადი, უმნიშვნელოვანესი პროცესია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველო ახლოსაა ევროკავშირთან. ეს არის შესაძლებლობათა ფანჯარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც.

მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ უპირატესობით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას მოაქვს. ევროკავშირში ინტეგრაცია არის სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული  ძმების, ვასილ და ნიკოლაი გარაშენკოების დედა, ლარისა გარაშენკო მოინახულა და  დედის დღე მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა 3 მარტი მიულოცა ჟუჟუნა ხარძიანს, რომელმაც ომში 2 შვილი და მეუღლე დაკარგა.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ თანადაფინანსებას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ენათმეცნიერები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო უიშვიათესი მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი შრიფტების ნიმუშები (სხვადასხვა ეპოქის), ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები. ასევე წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრალური სანახაობაც.

სამი კალიგრაფის მიერ, ადგილზე შესრულდა ბანერი, წარწერით „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს  ხელი მოაწერეს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას და სამომავლო ხედვებზე ერთობლივ მსჯელობას ისახავდა მიზნად.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს რუხის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება.

შეხვედრა გაიმართა კლინიკის მედპერსონალთან, სადაც სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე, თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. შეხვედრებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მონაწილეობდა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამშვიდობო პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით საუზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის  ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჯანდაცვის, განათლებისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დევნილთა საკითხების მიმართ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ  ზურაბ აზარაშვილს  შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.