მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი. სხდომის ფარგლებში განხილულ და დამტკიცებულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა. ამასთან, მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვებინარში „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვისა და დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიების საკითხებს.

ვებინარი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა და მასში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე მონაწილეობდნენ.

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაციას დაესწრო.

პუბლიკაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან განიხილავს ევროკავშირსა და მის ევროპულ სამეზობლოს შორის ურთიერთობებს, ადარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესებს, იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართვის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, აფხაზეთის დამსახურებული არტისტისა და პოეტის ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. ღონისძიებაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ჯანო ჯანელიძე 1992-2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „USAID ZRDA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 240 მ2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ბენეფიციარები „USAID“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.

მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის. 

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებით ისევე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში.  

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.  

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე,  რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.

მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა. 

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვისა და ახალგორის მოსახლეობის იზოლაციის მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას აიძულებს და რაიონის დაცარიელებას იწვევს. თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ენგურის ხიდზე მიმოსვლის განახლება და ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობო გახსნის აუცილებლობას.

დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის, უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის რაიონისა და კოდორის ხეობის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებას.

მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებს, საოკუპაციო ხაზზე სამედიცინო ევაკუაციის გამართულად ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და დასვეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების საკითხი.  

საქართველოს დელაგაციამ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურების მნიშვნელობა, კერძოდ, ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების საჭიროება.

ვრცლად იქნა განხილული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობას. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, ამასთან გაგრძელდა წინა რაუნდზე ჩატარებული საინფორმაციო სესიის თემის განხილვა „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ მიმართულებით. საინფორმაციო სესიის ფარგლებში, წარიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, საჭიროებებისა და უფლებების საკითხებზე. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდში მონაწილეობს. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი 12-13 ოქტომბერს იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

პედაგოგებს მიესალმნენ და მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები კუკური ციმინტია, ეთერ ვიბლიანი, გოგი ქალდანი, ელენე ოდიშარია, ნუნუ სოტკილავა და ლეილა ჯავახიშვილი, ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები თამარ შერვაშიძე (აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ნონა დგებუაძე (აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) და ზურაბ მიქაია (ილია ვეკუას  სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა) სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კოკა ბერაიას და ვახტანგ ნოღაიდელს დიპლომები გადაეცათ.

1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მასწავლებლებს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ!
 
განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და განვითარება განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
 
მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება ქონდეთ.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისათვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაში, ასევე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
 
მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ჩასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დევნილებს და მოისმინა მათი პრობლემები. შეხვედრაში, ასევე, „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ პრეზენტაციას და დაჯილდოებას დაესწრო.

პრეზენტაციაზე ლიტერატურული პრემიის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და პრემიის ჟიურის წევრებმა ისაუბრეს.

ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ გადაეცა ავტორს 2019-2021 წლებში საქართველოში გამოცემული საუკეთესო ნაწარმოებისთვის, რომელიც ეხება ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას. შერჩეული ნაწარმოებები ეხმაურება ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს, ასახავს საზოგადოებრივი და პირადი გამყოფი კედლების ნგრევას.

დაჯილდოება სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში გაიმართა. მთავარი პრიზი გადაეცა ლადო ფოჩხუას „ენიკი ბენიკი“. პრემიის გამარჯვებულები, ასევე, გახდნენ ნინო სადღობელაშვილი „დაბადების დღე“ და ივა ფეზუაშვილი „ბუნკერი“. პრემია გერმანიის საელჩოს და ქართული ლიტერატურული ინიციატივის თანამშრომლობის ფარგლებში გაიცა.