სიახლეები

მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.

2025-04-07
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მიმდინარე წელს ჩვენ გავზარდეთ პროგრამული ნაწილის დაფინანსება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.

დღეს ვიმყოფებით კახეთში, სადაც თელავში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით ჩვენი პროგრამები, რომელიც მათ ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.

2025-04-06
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.
 
შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
 
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა.
 
შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰი პენიუ, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ დანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ.
2025-04-02
მთავრობის აპარატი
ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში 10 სპორტსმენი დაჯილდოვდა.

სტიპენდიის მფლობელები ყოველთვიურად ფულად პრიზებს მიიღებენ, რაც მათი სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე ვიქტორ სანეევის მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული სპორტის განვითარებაში მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერასა და წახალისებას.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.

2025-04-01
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.

„აზდაკის ბაღის“ საიუბილეო საღამოზე თეატრის დაარსების ისტორია გაიხსენეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ინტეგრირებული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან ეპიზოდები წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და ინტეგრირებული თეატრის დასს 10 წლის იუბილე მიულოცა.

ლევან მგალობლიშვილმა „აზდაკის ბაღისთვის“ სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა, თეატრს, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის შესაბამის სივრცეს გამოუყოფს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს პირადად მივულოცო თეატრს 10 წლის იუბილე. ჩვენი გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგად, „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მივანიჭეთ, რომელიც სპეციალურად ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამართულ მთავრობის სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოექცა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს.

2025-03-29
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღისთვის“ იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს.

ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თეატრი უახლოეს პერიოდში აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აზდაკის ბაღისთვის“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნის, რომელიც სიმბოლურად თეატრის 10 წლის იუბილეს დაემთხვა.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს.

2025-03-28