სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.
 
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

„პირველ რიგში, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისა და ნდობის გამოცხადებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია, პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასევე მადლობას ვუხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის.

ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სტრუქტურაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს მიღებული, შესაბამისად შევეცდები ძალ-ღონე, დრო და ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები რაც მათ წინაშე დღეს დგას, მაქსიმალურად გადავჭრათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობისა თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

2025-06-11
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.

მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.

მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე.

ლევან მგალობლიშვილი

2025-06-02
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნას დაესწრნენ
დღეს ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ბიუსტის გახსნას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
 
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.
2025-05-26
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დადგინდა.

2025-05-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

23 მაისს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2025-05-23
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროს ზვიად ზვიადაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.

2025-05-19