სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ქორეოგრაფიული დადგმის - „მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ პრემიერას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, ახალ მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბ „BDC-ში“ ქორეოგრაფიული დადგმის - „მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ პრემიერას დაესწრო.
 
სპექტაკლი ტრადიციული ქართული ცეკვის, თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.
 
„BDC-ის“ დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელია აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია.
 
„BDC“ თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სივრცეა, რომელშიც გაერთიანებულია პროფესიონალური ხმის ჩამწერი, ვოკალური და საბავშვო შემოქმედებითი სტუდიები. ჰაბის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, სადაც წარმოდგენები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა გაიმართება.
2026-05-04
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე ვეტერანების დამსახურებასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
 
"მინდა მოგმართოთ ჩვენს დევნილ ვეტერანებს, რომლებმაც გამოიარეთ ომის ქარცეცხლი და ამავდროულად, საკუთარ თავზე იწვნიეთ დევნილობის სიმწარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის თქვენი სოციალური და სამართლებრივი დაცვა, თქვენს წინაშე არსებული ყოველდღიური გამოწვევების მოგვარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი მებრძოლი არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციაზე, ვეტერანებმა, ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.
 
აფხაზეთის მეომართა კავშირი იმ ქართველ მებრძოლებს აერთიანებს, რომლებიც 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
2026-05-04
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდიმარემ ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
 
ბარამიას ქუჩაზე უკვე დასრულდა აფხაზეთიდან დევნილთა ორი მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი.
 
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტისათვის ბიუჯეტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის გამოყოფილი.
2026-05-04
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კოდუასთან ერთად, ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
 
პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლებაში, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი. ასევე, განხორციელდება წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
 
პროექტი ხორციელდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 473 690 ლარს შეადგენს.
2026-05-03
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ზუგდიდში შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.

აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

2026-05-02
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა მოახლოებულ აფხაზეთობის დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთობის კვირეული 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდას.

მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და აქტივობების ეფექტიანი განხორციელების გზები.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.

2026-04-28