აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე 10 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ ასახელეს საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: გიორგი ქალდანი - პარაძიუდო, გიორგი მალანია - კიკბოქსინგი, გიორგი ხვისტანი - ათლეტიზმი, ალექსანდრე შამუგია - პარაკარატე, აკაკი ჯინჭარაძე - პარაწოლჭიმი, ნათია გადელია - ძალოსნობა, მარიამ მარშავა - ტყვიის სროლა, გიორგი ტორუა - მკლავჭიდი, გურამ ვეკუა - ძალოსნობა და ანდრია წურწუმია - ძიუდო.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად ახალციხეში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და დღესასწაულებთან დაკავშირებით საახალწლო ნობათები გადასცეს.
„ჩვენს დევნილ მოსახლეობას მივულოცეთ შობა-ახალი წელი. პირადად ვესტუმრეთ ოჯახებში და გადავეცით მათ საახალწლო ნობათი. მინდა, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად თბილისში, დიდუბის რაიონში საახალწლო ნობათების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს დევნილ მოსახლეობას.
აფხაზეთის მთავრობა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დღესასწაულების პერიოდში დევნილი ოჯახების მხარდაჭერას.
ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.
მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად აფხაზეთის მთავრობაში შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და განათლების ხელშეწყობასა და სხვადასხვა ინიციატივებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.
„ჩვენ შევხვდით აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და არიან წარმატებულები. ჩვენ გვინდოდა, რომ წინასაახალწლოდ გაგვეკეთებინა საჩუქრები, შესაბამისად გადავეცით პალნშეტები. ამით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა“, -განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, კომპიუტერული ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლების 15 წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა ანგარიშში იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს განახორციელა. ასევე სამომავლოდ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე და აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. დაანონსდა სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა.
მოხსენების შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი აფხაზეთის მთავრობის პროგრამებსა და სერვისებს "ერთი ფანჯრის" პრინციპით აერთიანებს და მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივებასა და სამთავრობო ინიციატივებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დააჯილდოვა.
სპორტსმენების ისტორიულ შედეგებზე ისაუბრეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ქალდანი გახდა.
ჯილდოები ასევე გადაეცათ: წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო გუნდი სათამაშო სპორტულ სახეობებში - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - თემურ სამხარაძე, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ანა ჯაფარიძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ვახტანგ ლოლუა.
სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.