სიახლეები

მთავრობის აპარატი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოხუმში, ქალაქის დაცემამდე გადაღებული ფოტოები, რომლებიც იმდროინდელ ქალაქს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოაჩენდა.

საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ისტორიული ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სოხუმიდან და აფხაზეთიდან წამოღებული პირადი ნივთები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარემ 27 სექტემბრის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს ტკივილსა და დევნილთა დაბრუნების იმედზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალი უნდა აშენდეს არა დაპირისპირებითა და შურისძიებით, არამედ მშვიდობით, დიალოგითა და ნდობის აღდგენით. გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მთავარი მიზანია არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაბრუნება და შერიგება.

„ჩემი ოჯახიც იმ ტრაგედიის ნაწილია, რომელმაც აფხაზეთში უამრავი ქართული და აფხაზური ოჯახი დააზარალა. ამიტომ კარგად მესმის, რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც დრო ვერ შლის. მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობაც, რომელსაც დრო კიდევ უფრო გვიმძაფრებს. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად არ დავუტოვოთ სიძულვილი.

ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენი საერთო ისტორია არ დასრულებულა. ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, ტრაგიკული წარსულიდან გამოვიტანოთ მთავარი გაკვეთილი: ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი აღარასოდეს უნდა დაკარგონ.

ჩვენი მომავალი ვერ აშენდება ახალი დაპირისპირებით, მუქარითა და შურისძიებით. იგი უნდა აშენდეს მშვიდობით, დიალოგით, ნდობის აღდგენით და ადამიანური ურთიერთობების დაბრუნებით“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც 33 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. საღამო აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმეს.

საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ეროვნული გმირების ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

2026-09-27
მთავრობის აპარატი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2026-09-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

2026-09-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - ჩვენთვის უმთავრესი არამხოლოდ აფხაზეთში დაბრუნება, არამედ აფხაზების დაბრუნებაა

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველო უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ეს განსაკუთრებულად მტკივნეული თარიღია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, ვინც საქართველოს გამო, აფხაზეთში მშვიდობიანი მომავლის რწმენას შესწირეს თავი. ჩვენი ვალდებულებაა, ეს მშვიდობიანი პოლიტიკა გავაგრძელოთ, რადგან ჩვენთვის უმთავრესი არამხოლოდ აფხაზეთში დაბრუნება, არამედ აფხაზების დაბრუნებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთნდობით ამ მიზანს მივაღწიოთ. როდესაც ეს დღე დადგება, არ იქნება მხოლოდ ერთი მხარის მეორეზე გამარჯვება, ეს იქნება ადამიანობის გამარჯვება ომზე. მე მწამს, რომ აუცილებლად დადგება ეს დღე და ჩვენ ყველა ერთად, 27 სექტემბერს, სოხუმში ვიზეიმებთ ჯვართამაღლების დღესასწაულს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გმირთა მოედანზე, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

მემორიალთან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.

2026-09-27
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში, აფხაზეთიდან დევნილ ფერმერს, გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.
 
მთავრობის თავმჯდომარე ბენეფიციარს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამის და მისი შედეგების შესახებ ესაუბრა და გადაცემული ტექნიკა დაათვალიერა.
 
„ვაგრძელებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოტობლოკები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 700-მდე დევნილ ბენეფიციარს გადავეცით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი მონაწილეობდნენ.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, 2026 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე დევნილ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების შესყიდვა დაუფინანსა.
2026-09-25
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.

გიორგი ჯინჭარაძემ კორეელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

2026-09-23