სიახლეები

მთავრობის აპარატი
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა

„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.

საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური კავშირების უწყვეტობაზე და საზოგადოებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ „აფხაზეთობა“, რომელიც თითოეული დევნილისა და აფხაზეთის სიყვარულით მცხოვრები ადამიანის გულში განსაკუთრებულ ტკივილსა და იმედს უკავშირდება.

ეს არის პირველი „აფხაზეთობა“, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე აღინიშნება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეს დღე ნიშნად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენი საერთო ტკივილი და საერთო მომავალი“, -აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.

გალა-კონცერტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. 

2026-05-24
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“ გაიმართა.
 
საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
 
მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
2026-05-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

23 მაისს „აფხაზეთობა“ და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2026-05-23
მთავრობის აპარატი
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა.
 
მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასები, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ხელწერისა და კალიგრაფიული ხელოვნების ტექნიკას გაცნობოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ბავშვთა ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
2026-05-23
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და ამისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.

„2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს. პროგრამული ნაწილის ხარჯები 39%-მდე გაიზარდა. ეს არის უპრეცედენტო ნიშნული, რომელიც ითვალისწინებს მეტ მხარდამჭერ ღონისძიებებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაორმაგდა ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, ონკოლოგიური პაციენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების მხარდაჭერა.

დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი გამოვყავით, ხოლო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები თითქმის გაორმაგდა.

ეს ცვლილებები ჩვენი პასუხისმგებლობისა და ხალხზე ზრუნვის კონკრეტული გამოხატულებაა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება ორიენტირებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, დევნილთა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე.

2026-05-22
მთავრობის აპარატი
„აფხაზეთობა 2026“ ქუთაისში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ქუთაისმა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოეწყო აფხაზეთთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ამავე სივრცეში, ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციის ფორმატში, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის წიგნის „უვიწყარას“ პრეზენტაცია გაიმართა.

დღის ბოლოს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრში, მაყურებელმა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ იხილა.

რეჟისორ ბექა ქავთარაძის სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ტენესი უილიამსის პიესის „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციას წარმოადგენს.

ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-05-22