აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებული სტიპენდიები, ფინანსური წახალისების მექანიზმები და ახალგაზრდების მხარდასაჭერად მომავალში დაგეგმილი ახალი პროექტები. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდაზე.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სტუდენტებთან შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციისა და საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ჩხოროწყუში მიმდინარე სამედიცინო სკრინინგის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე, ასევე, სამედიცინო პერსონალსა და დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოხუმში, ქალაქის დაცემამდე გადაღებული ფოტოები, რომლებიც იმდროინდელ ქალაქს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოაჩენდა.
საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ისტორიული ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სოხუმიდან და აფხაზეთიდან წამოღებული პირადი ნივთები.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.
მთავრობის თავმჯდომარემ 27 სექტემბრის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს ტკივილსა და დევნილთა დაბრუნების იმედზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალი უნდა აშენდეს არა დაპირისპირებითა და შურისძიებით, არამედ მშვიდობით, დიალოგითა და ნდობის აღდგენით. გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მთავარი მიზანია არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაბრუნება და შერიგება.
„ჩემი ოჯახიც იმ ტრაგედიის ნაწილია, რომელმაც აფხაზეთში უამრავი ქართული და აფხაზური ოჯახი დააზარალა. ამიტომ კარგად მესმის, რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც დრო ვერ შლის. მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობაც, რომელსაც დრო კიდევ უფრო გვიმძაფრებს. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად არ დავუტოვოთ სიძულვილი.
ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენი საერთო ისტორია არ დასრულებულა. ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, ტრაგიკული წარსულიდან გამოვიტანოთ მთავარი გაკვეთილი: ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი აღარასოდეს უნდა დაკარგონ.
ჩვენი მომავალი ვერ აშენდება ახალი დაპირისპირებით, მუქარითა და შურისძიებით. იგი უნდა აშენდეს მშვიდობით, დიალოგით, ნდობის აღდგენით და ადამიანური ურთიერთობების დაბრუნებით“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც 33 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. საღამო აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმეს.
საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ეროვნული გმირების ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ეროვნული გმირის საფლავზე, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.