აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი გუმისთის ბრძოლების 32-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ჩვენი გმირი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და მათდამი სიყვარული და პატივისცემა მომავალ თაობებს გადავცეთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მემორიალთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა "ბოევიკებმა" და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა ითამაშეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სამოქალაქო პანაშვიდზე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას. ისინი ემსახურებოდნენ ქვეყნის ინტერესებს და ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს - მათი მწუხარება ჩვენი საერთო ტკივილია. ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი, გავაგრძელოთ სწორი სამშვიდობო პოლიტიკის გატარება და მომავალ თაობებს თავისუფალი და გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ.
მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
1990-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებული 2 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე, მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალ მინისტრს ბექა ღვაჩლიანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ლევან მგალობლიშვილმა ასევე, მთავრობის წევრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალი უფროსი დავით მორგოშია წარუდგინა და აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილება აპარატის სტრუქტურულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასში შემავალი სამინისტროების სტრუქტურული გაძლიერებისა და საქმიანობის სამომავლო გეგმებზე.