ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე პაციენტმა ისარგებლა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა.
დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ მეწარმე ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დევნილი მეწარმეების ხელშეწყობაზე და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ქალი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალბატონები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილების და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, რისთვისაც გმირების დედებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.
"ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.