სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პალერმოს მერს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, პალერმოს მერს რობერტო ლაგალას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების ჩართვას საქართველო-იტალიას შორის გაცვლით პროგრამაში. რომელიც 1997-2007 წლებში მოქმედი პროგრამის მსგავსი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

პალერმოს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

"დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს გავეცანი ამ რეგიონის აქტუალურ პრობლემებს, ქართველებს დავუდასტურე ჩვენი თანადგომა და მეგობრობა. განვიხილეთ არამარტო კოლაბორაციის, არამედ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც. განსაკუთრებით გვინდა იმედი ჩავუსახოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ", - განაცხადა პალერმოს მერმა.

თავის მხრივ, გიორგი ჯინჭარაძემ იტალიურ მხარეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ პალერმოს მერთან, სადაც საუბარი გვქონდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, პროექტზე, როდესაც სიცილიელი ოჯახები მასპინძლობდნენ დევნილ ბავშვებს და ეს იყო ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და დღეს პალერმოს მერი დაგვპირდა, რომ ამ პროექტის განახლება შესაძლებელია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იტალიურ მხარეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განვითარდება", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

2026-02-21
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას დაესწრო

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საგაზაფხულო სესიის ფორმატით მუშაობა განაახლა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც დეპუტატებს საგაზაფხულო სესიის გახსნა მიულოცა და დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

2026-02-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ.

ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-02-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციისა და სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2026 წლის 18-19 მარტს.

2026-02-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და უნგრეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

გიორგი ჯინჭარაძემ უნგრეთის ელჩს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

2026-02-16
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.

კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შეაფასა სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.

2026-02-13