აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციისა და სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2026 წლის 18-19 მარტს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.
თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და უნგრეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
გიორგი ჯინჭარაძემ უნგრეთის ელჩს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.
კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შეაფასა სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, სოხუმის დრამატულ თეატრში სასკოლო პროექტის „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებას ეძღვნებოდა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ეროვნული გმირების გაცნობას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა „ქართულ-აფხაზური საგას“ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე გააკეთა და შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობაზე, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურისა და საერთო ფასეულობების შენარჩუნებაზე ისაუბრა.
„ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 15 წელზე მეტია აჭარაში მცხოვრები აფხაზების ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა. დაჯილდოების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა.
მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.