სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.

მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობაზე. მან ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართული ისტორიული ძეგლები დგას, მათ შორის ძეგლების თვითნებური რეკონსტრუქციებისა და ავთენტურობის დაკარგვის რისკებზე.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული წრეების ჩართულობის აუცილებლობაზე.

კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

2025-12-18
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის უპრეცედენტო, 30%-იან ზრდაზე იმსჯელეს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენი გუნდის სულ რამდენიმეთვიანი საქმიანობის პერიოდში, უშუალოდ შევხვდით და უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, რის საფუძველზეც მოვახდინეთ საჭიროებების დეტალური კვლევა და მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში ასახვა.

2026 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება, რასაც ემატება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დამატებითი ფინანსური რესურსები. ამ ყველაფერმა ერთობლივად, პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის  შესაძლებლობა მოგვცა.

• დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამებში 330%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით იზრდება.
• 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით.
• დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
• განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი  32%-ით იზრდება.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას  და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

2025-12-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდიით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებული სტუდენტის დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა.

2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

სტიპენდიის მფლობელმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა.

დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

2025-12-17
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2025 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ბესიკ კუსიდიმ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს განხორციელდა. მოხსენების ფარგლებში, მინისტრმა ასევე სამინისტროს 2026 წლის გეგმები წარადგინა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც სამინისტროს პროგრამული ნაწილის დაფინანსების უპრეცედენტო ზრდასა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული და უანგარო წვლილისთვის პარტნიორი კლინიკებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-12-16
მთავრობის აპარატი
ოთარ ზუხბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სოხუმის დრამატული თეატრში ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

საღამოზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი წარდგნენ, რომლებმაც ოთარ ზუხბაიას მოღვაწეობასა და მის დამსახურებებზე ისაუბრეს.

საღამოზე ნაჩვენები იყო ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ოთარ ზუხბაიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ოთარ ზუხბაია 1987-1989 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1991-1995 წლებში იკავებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2025-12-13
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებთან დაკავშირებულ საჯარო ლექციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში, საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ დაესწრო.

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ლექცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსპერტმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას მოჰყვა. მოხსენების შემდეგ თემის ირგვლივ, ახალგაზრდების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით გაიმართა.

2025-12-12