აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა. შეხვედრაში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 221 სტიპენდიატს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
„ვულოცავ ახალგაზრდებს მოპოვებულ სტიპენდიას. განათლებული და მოტივირებული თაობა ქვეყნის მომავლისა და განვითარების უმთავრესი გარანტიაა. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად ჩართული იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას“,- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა სტიპენდიის მიღებამ მათი ყოველდღიური სასწავლო პროცესი და რა დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინა მათ პროფესიული განვითარების გზაზე. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერა მათთვის უდიდესი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გააგრძელონ სწავლა.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა და მზაობა გამოთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს სტუდენტურ ინიციატივებს და გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამების მასშტაბების გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 221 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილმა სტუდენტმა 200 და 300 ლარიანი სტიპენდიები მიიღეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება.
აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
მთავრობის თავმჯდომარემ მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
მემორიალთან, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე თელავისა და გურჯაანის კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ საჭიროებებს პირადად გაეცნო, დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ნობათს, აფხაზეთიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა ექიმ სპეციალისტებმა, რომელთა შორისაც ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფაღავა და პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე იყვნენ, 50-ზე მეტ ბენეფიციარს სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.
დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.