აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, პირველ საკითხად, 2025 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც დევნილთა სოციალური მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტების გასაძლიერებლად, ასევე არსებული რესურსების ოპტიმიზაციისა და პრიორიტეტული მიმართულებების დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
მთავრობის წევრებმა იმსჯელეს დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების შესახებ, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საჭიროებებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს.
სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასრულდა მთავრობის წარმომადგენლობების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადმოსვლის პროცესი, რომლის მიზანს სამინისტროების პროგრამების შესახებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს და წარმომადგენლობების მუშაობის ეფექტიანობას შესწავლას აფხაზეთის მთავრობის აპარატი განახორციელებს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთიდან დროებით დევნილ, უხუცეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგნლებმა 102 წლის ვეტერან არტემ კოპალიანს 9 მაისი მიულოცეს, ქვეყნის სამაგალითო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და აფხაზეთის მთავრობისგან საჩუქრები გადასცეს.
ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მეორე მსოფლიო ომის 2 ვეტერანს 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცემა.
ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა.
მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
"ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მეხსიერება იმ გმირობისა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება მოიტანა. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცის საფუძველს წარმოადგენენ და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთ ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან ასევე 1000 ლარი გადაეცემა.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
„მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.
მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, ქუთაისში მდებარე სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის პერსონალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგის და სამომავლო განვითარების აუცილებლობაზე, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს დროებით დევნილი მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ყოფილი მენეჯერი, ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას სთავაზობს, არამედ ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში განაცხადა, სადაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი ბენეფიციარებისთვის სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და დროებით დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
დღის განმავლობაში, თბილისის წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტების უფასო სამედიცინო მომსახურება 400-ზე მეტმა დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. ასევე ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარებს ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.
დღესვე, სამედიცინო აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ილია მართალის“ მხარდაჭერით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეტლი გადაეცა, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ედიტა კოდუას ინიციატივით, პირველადად დადასტურებულ შაქრიანი დიაბეტის მქონე დევნილ ბენეფიციარებს საჩუქრად გლუკომეტრის აპარატები დაურიგდათ.
სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა.