აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
ღონისძიების მიზანი იყო დევნილი ოჯახების საჭიროებების უშუალოდ მოსმენა და მათი ყოფითი და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. დევნილებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან კონსტრუქციული კომუნიკაციის დამყარებას და თითოეული დევნილი მოქალაქის საჭიროებაზე მორგებული სამომავლო განვითარების გეგმების დასახვას.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან აფხაზეთის მთავრობაში მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ის საკითხები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ყველაზე მწვავე და აქტუალურია.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობა მზად არის, იმოქმედოს ეფექტურად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა საკითხი მაქსიმალურად დროულად შეისწავლოს და მოაგვაროს.
აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრის მიზანია, მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა.
მსგავსი შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და კვლავ გაგრძელდება.
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ საპრემიერო სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ უმასპინძლა.
საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოცამდე მსახიობი მონაწილეობდა.
მიმდინარე წელს ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო „მე ვხედავ მზეს“ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა სახელმწიფო თეატრის რანგში წარმოადგინა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა, რომელიც თავდაცვითი უნარ-ჩვევების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული ღირებულებებისა და მოხალისეობრივი სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურებოდა.
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დაესწრნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდების მოსამზადებელ პირობებსა და სასწავლო პროცესს გაეცნო. ასევე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ბანაკში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის, რადგან საბანაკე პროგრამაში ისინი ეუფლებიან თავდაცვითი და კრიზისების მართვის მიმართულებით საჭირო უნარებს. ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ლიდერობის კუთხით უყალიბდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 და ვლადიმერ ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ხუთი დღის განმავლობაში სპეციალური კურსი გაიარეს, რითაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკულ პირობებში გამოეყენებინათ.
აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების მონიტორინგს, რათა აფხაზეთიდან დევნილმა ბენეფიციარებმა ხარისხიანი და სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისები მიიღონ.
მორიგი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მანონა გეჯუასთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ კლინიკის ხელმძღვანელობასა და მედპერსონალს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე პოლიკლინიკაში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს, ასევე აუცილებელია განახლდეს კლინიკის მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც დევნილ ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფს და მათ ყველა სათანადო პირობას შეუქმნის.
„აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი არის დევნილთა პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურული განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისებით. ჩვენ ვაშენებთ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.