სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

2026-04-17
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.

2026-04-10
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

მემორიალთან, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

2026-04-09
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე თელავისა და გურჯაანის კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ საჭიროებებს პირადად გაეცნო, დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ნობათს, აფხაზეთიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ.

2026-04-08
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა ექიმ სპეციალისტებმა, რომელთა შორისაც ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფაღავა და პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე იყვნენ, 50-ზე მეტ ბენეფიციარს სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

2026-04-05
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთის კონფლიქტამდე დაიწყეს და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში.

ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის და იმ აფხაზეთელი ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებიც აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერპლნენ ან დევნილობაში გარდაიცვალნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და  აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასმედიის დამსახურებული წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოების ინფორმირებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურებიან.

2026-04-04