საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილების და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, რისთვისაც გმირების დედებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.
"ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის. თუმცა ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ მშვიდობით, ვპასუხობთ განვითარებით და მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში, „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში გაიმართა, სადაც სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ ხელისუფლებას და იტალიელ ხალხს წლების წინ, დევნილი მოზარდების შეფარების და გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ასევე იმ იტალიელ ოჯახებს, რომლებიც წლების წინ ქართველ და აფხაზ დევნილ ბავშვებს მასპინძლობდნენ, სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა.
„უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა იტალიაში. გავმართეთ არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა იტალიელ ოფიციალურ პირებთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი საუბრის მთავარი თემები ჰუმანიტარული მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებები იყო“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, იტალიელ მაყურებელსა და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროგრამა შესთავაზა. სცენაზე წარმოდგენილი იყო გამორჩეული ქართულ-აფხაზური სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის მინისტრ ედი ტამაიოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის იტალიაში პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ასევე, მიმდინარე წლის ზაფხულში, პალერმოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების საკითხი განიხილეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული ლეონარდა ამელია და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.