სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და შედეგები შეაჯამა.

მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიღწევებსა და შედეგებზე გაამახვილა. გიორგი ძაძამიამ ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა და სამინისტროს პროგრამებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ.

ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-01-31
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში წლის განმავლობაში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სამინისტროების 2026 წლის პროგრამები დაამტკიცეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უწყებებში, სხვადასხვა მიმართულებით, წლის განმავლობაში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდება, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უფრო მეტ სერვისს გახდის ხელმისაწვდომს.

„ეს არის 100-მდე ქვეპროგრამა, რომელიც ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდება.

ჩვენი მიზანი იყო რომ 2026 წელს, ყველა მიმართულებით გვქონოდა ხელშესახები შედეგები და რაც შეიძლება მეტ დევნილს ესარგებლა იმ სიკეთეებით, რაც პროგრამულ ნაწილში სიახლეების სახით გავითვალისწინეთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულობისა და იმ ინოვაციური ხედვისთვის, რომელიც დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

2026-01-30
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

შემაჯამებელ მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ დევნილთა მხარდასაჭერად, ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა, ასევე სამინისტროს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობისა და დევნილთა მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-01-29
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ეროვნული არქივის პავილიონში გამართულ გამოფენას დაესწრო
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის ექსპედიციებში გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება. ასევე ეროვნულ არქივში დაცული ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები და ფოტომასალა.
2026-01-27
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია გაიმართა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2026 წლის განახლებული პროგრამები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის პირველი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და კლინიკის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

„მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები უკვე ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, დღეს, ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენ დევნილ ბენეფიციარებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

2026-01-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალი portal.abkhazia.gov.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში გაიმართა.

ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.

პორტალი აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს, რომლის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.

პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-01-23