სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის მთავრობა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით ახალ პროგრამებს იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს და რამდენიმე ახალ მნიშვნელოვან ინიციატივაზე იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას, სადაც განსაკუთრებული ადგილი სამოქალაქო ინტეგრაციას, სამშვიდობო ინიციატივებსა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას უკავია.

„დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მინდა ახალი პროგრამები დავაინიციირო.

პირველი ეს არის კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“, რომლის მიზანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციას, ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს. თითოეული გამარჯვებული პროექტის მაქსიმალური დაფინანსება 30 000 ლარს შეადგენს.

ასევე, მინდა შევეხო ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით მორიგ მნიშვნელოვან ინიციატივას. აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, რომელიც წარმატებული სტუდენტებისთვის თვეში 300 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.

ამასთანავე, წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პროექტები უზრუნველყოფს საზოგადოებაში ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით არსებული პროცესების გაძლიერებას და დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდა მკვლევრებს და სტუდენტებს, რომლებიც თავიანთ სამეცნიერო თუ აკადემიურ საქმიანობას აფხაზეთის თემატიკას უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტების ამოქმედებით აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებასა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას.

2026-07-21
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა.

ხონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო და ექიმებსა და დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა.

აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმმა-სპეციალისტებმა ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, ასევე ექიმების დანიშნულების შესაბამისად, მათ ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.

მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამედიცინო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურებით, ჯამში, 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბაჩანა ბასილაია და გუგა ბახტაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსგავს სამედიცინო აქციებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დაავადებების ადრეული გამოვლენა და მათი პრევენცია.

2026-07-19
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 72 წელი შეუსრულდებოდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

საფლავზე, ასევე, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

თამაზ ნადარეიშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

2026-07-19
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, კლუბმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს ქალაქ გაგრის არქიტექტურით შთაგონებული, ახალი სათამაშო ფორმა წარუდგინა.
 
პრეზენტაციაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის მნიშვნელობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ კლუბის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
 
გიორგი ჯინჭარაძემ, ასევე, გუნდის თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს სამომავლო წარმატებები უსურვა.
 
საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის დიზაინი ისტორიულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ესთეტიკასა და იმ ღირებულებებს აერთიანებს, რომელიც კლუბის იდენტობას განსაზღვრავს. პროექტის მთავარ მიზანს ერთიანობის იდეის გაძლიერება და კლუბის თანამედროვე ხედვის საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.
2026-07-13
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
 
შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
 
აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, განახლდა არსებული და ასევე დამონტაჟდა ერთი ახალი ლიფტი.
2026-07-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო.
 
გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
2026-07-09