სიახლეები

მთავრობის აპარატი
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ყოველწლიური ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ყოველწლიური ჟურნალისტური პრემიის 2026 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
 
ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.
 
ნომინაციაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ გამარჯვებული ნატო კორსანტია გახდა. „ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესიული თავდადებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმიანობისთვის“ პრემიის მფლობელი ხუტა ახალაია გახდა. „აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის, ჟურნალისტური პროფესიონალიზმისა და გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ პრემია თამაზ ჩოჩიას გადაეცა, ხოლო „აფხაზეთის ომის ისტორიული კადრების აღბეჭდვისა და შენარჩუნებისთვის, ქართული ისტორიული მეხსიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ საშა ბერულავას პრემიის მფლობელი გურამ გორელიშვილი გახდა.
 
კომისიის გადაწყვეტილებით ნომინაციაში „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გამორჩეული ხედვისა და თემის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის“ მარიამ ქარჩავა - შარტავა დაჯილდოვდა.
 
პრემიის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.
 
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ალექსანდრე ბერულავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პრესაში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი.
ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.
 
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია 2024 წელს დაწესდა და მას შემდეგ დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია აფხაზეთის თემის ქართულ მედიაში გაშუქების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაფასება, საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.
2026-11-28
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდული სამშვიდობო პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, პროექტის „აფხაზეთის მეხსიერების ხიდები - ახალგაზრდული აკადემია მშვიდობის, დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
 
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების მონაწილეებს მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.
 
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა დამსწრეებს ჯგუფური მუშაობის შედეგები გააცნეს და საპილოტე პროექტი წარუდგინეს. სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს ქართულ-აფხაზური დიალოგის, ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
 
პროექტში თბილისის უმაღლესი სასწავლებლების 25 სტუდენტი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 10-ზე მეტი თემატური ტრენინგი, დისკუსიები და ჯგუფური სამუშაოები ჩატარდა, სადაც ახალგაზრდებმა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს
2026-11-27
მთავრობის აპარატი
პროექტის „ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, პროექტის „ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

პროექტის შემაჯამებელ ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაიასთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და ახალგაზრდებს ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნამუშევრების საჯარო პრეზენტაცია და მედია-ჩვენება მოეწყო. პროექტის მონაწილეები კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტში 16-29 წლამდე 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს შემდეგ თემებზე: სთორითელინგი და ეფექტური კომუნიკაცია, პოდკასტის მომზადებისა და მონტაჟის ტექნიკები, დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება, სამოქალაქო ინტეგრაცია და მშვიდობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 6 პოდკასტი და 10 მოკლე რილსი.

2026-11-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერას დაესწრო.
 
სპექტაკლი გურამ ოდიშარიას პიესის „ზღვა, რომელიც შორია“ მიხედვით, რეჟისორმა თემო კუპრავამ დადგა. წარმოდგენა ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხსოვნას მიეძღვნა, რომლის რეჟისორობითაც ეს პიესა პირველად სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა.
 
სპექტაკლი გვიყვება ომის შედეგად დაშორებული ადამიანების ცხოვრებაზე, დაკარგულ სახლებსა და იმ საერთო წარსულზე, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხებს აკავშირებთ. წარმოდგენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩატეხილი ხიდების აღდგენა, გაუცხოების დაძლევა და წლების განმავლობაში დაკარგული ნდობის დაბრუნება. საერთო ისტორია, კულტურა და ადამიანური ურთიერთობები ის საფუძველია, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მომავლისკენ მიმავალ გზას უნდა დაედოს.
 
პრემიერას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მწერალი გურამ ოდიშარია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი ესწრებოდნენ.
2026-11-25
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე „ოფთალმიჯს“ სტუმრობდა, სადაც კლინიკის ხელმძღვანელ გიორგი ჯავრიშვილთან შეხვედრა გამართა. ჯავრიშვილის კლინიკაში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯავრიშვილის კლინიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ოფთალმოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ერთობლივი სამედიცინო პროექტებისა და აქციების განხორციელებას.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა კერძო სამედიცინო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დევნილი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თავის მხრივ, გიორგი ჯავრიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილება და რესურსები აქტიურად მოახმაროს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს.

შეხვედრის ბოლოს მხარეები კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებსა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

2026-11-25
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნანა ხეცურიანის გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ დაესწრო.

გამოფენა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ორნამენტები, ნაქარგები, მოზაიკა, ფერწერული ნამუშევრები და თექის ნამუშევრები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, რომელიც ხელით შესრულებულ ნაქარგებშია წარმოდგენილი.

მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აფხაზეთიდან დევნილი თითოეული ხელოვანის წარმატება ჩვენთვის ორმაგად ძვირფასი და საამაყოა. მათი შემოქმედება ჩვენი კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ხელოვნებით ვაგრძელებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც თაობებს აერთიანებს, გვინარჩუნებს კავშირს ჩვენს ფესვებთან და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აცნობს ქართულ კულტურას, მის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

2026-11-24