სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სასაფლაოზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

2026-09-22
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ზუგდიდის ტექნოპარკში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.

ღონისძიების მონაწილეებმა დევნილი ბენეფიციარებისთვის გადაცემული მოტობლოკები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. გიორგი ჯინჭარაძემ და თენგიზ ნასარიძემ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-09-21
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ბათუმში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს. ამჯერად, მოქალაქეებთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა.
 
ინდივიდუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე თითოეული დევნილის საჭიროებებსა და მნიშვნელოვან საკითხებს დეტალურად გაეცნო.
 
რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება.
2026-09-16
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.

„დღეს ჩვენ სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობთ. ვეწვიეთ აფხაზეთის მე-11 სკოლას, სადაც პირველკლასელებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, რადგან ეს ის ბავშვები არიან ვინც უნდა შექმნას საქართველოს ძლიერი მომავალი. მათ უნდა გააერთიანონ საქართველო და ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად. მე მინდა მივულოცო, წარმატებები ვუსურვო მათ, რათა ასახელონ საკუთარი ქვეყანა და მშობლიური კუთხე, აფხაზეთი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.

2026-09-15
მთავრობის აპარატი
პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში განიხილეს

საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.

სხდომაზე დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.

ანგარიშში ასახული იყო  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პრევენციულ და სკრინინგულ ღონისძიებებს და სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს.

გიორგი ჯინჭარაძემ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიმდინარე საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. აღინიშნა, რომ  მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარება მთავრობის და  სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„დღევანდელ სხდომაზე წარვადგინე აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, სადაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს დევნილ მოსახლეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.

შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, რასაც, რა თქმა უნდა, სრულად გავითვალისწინებთ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები კიდევ უფრო მეტ საჭიროებას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამები იყოს უფრო დახვეწილი და მაქსიმალურად მორგებული დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დასვეს და სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.

ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილებს და ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოდიან. ძალიან პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდა. საკმაოდ კონსტრუქციული იყო ამ განხილვისას ოპოზიციის ჩართულობაც. ჩვენ აქცენტები ჰუმანიტარულ ასპექტზე გადავიტანეთ - მთლიანად სახელმწიფოსა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიდ ძალისხმევაზე ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებისა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.

ის რეკომენდაციები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ, საშუალებას მოგვცემს, უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს და ის შეფერხება, რაც ამ კუთხით არსებობს, დაიძლიოს. ეს შეხვედრა ძალიან ბევრი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის წინაპირობა გახდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-09-14
მთავრობის აპარატი
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

პროექტი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20 მოზარდი და მათი მშობლები მონაწილეობენ.

ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ხატვის, ძერწვისა და სხვადასხვა გუნდურ-შემოქმედებით აქტივობებში. მშობლებისთვის კი ჩატარდა თემატური ტრენინგები, რომლებიც შვილის განვითარების თავისებურებების უკეთ გაცნობიერებას, საჭიროებების სწორად დანახვასა და მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ემსახურება.

პროექტი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე მშობლების გაძლიერება და შვილების განვითარების პროცესში მათი მხარდაჭერა.

2026-09-13