სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.

ილია II-ის ღვაწლისა და აფხაზეთის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, დევნილი მოქალაქეები დღეს თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლიკა შარტავა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საზოგადოების სულიერი ერთიანობის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

„სიმბოლურია დღეს აფხაზეთის საზოგადოების შეკრება ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგან აღნიშნული ეკლესიის მშენებლობა მოხდა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. იგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის არ იყო მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომლის მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული აფხაზეთთან.

მე მჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ კუთხეს - ჩვენს მშობლიურ აფხაზეთს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აფხაზეთში 11 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. მისი ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 2016 წელს, თბილისში, საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

2026-03-21
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდს დაესწრო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია II-ს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

2026-03-19
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო. 

გიორგი ჯინჭარაძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.

2026-03-13
მთავრობის აპარატი
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - "მარიამობისთვე 1924" პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.

დადგმა, რომელიც დოკუმენტურ-ისტორიულ მოვლენებს ემყარება, 1924 წლის აჯანყების ტრაგიკულ პერიოდს ასახავს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს აცოცხლებს. 

საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და  პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან ერთად დაესწრო.

პრემიერას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

2026-03-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროს გიორგი სუთიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ქალბატონებს სახლში ეწვივნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოხატეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 100 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან ცოცხალი მემატიანეები და სიმბოლოები იმ გამძლეობისა, რაც აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ახასიათებს. მსგავსი ღონისძიებები კი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მიმართ მუდმივი ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვას.

„მქონდა პატივი 8 მარტი მიმელოცა ორი გამორჩეული ქალბატონისთვის, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

2026-03-08
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

2026-03-08