აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებს.
მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის გამართვა 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს არის დაგეგმილი.