სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი "ზღვის თეატრი“ დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში თეატრის გახსნას სურთ, უამრავი თავგადასავლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწევენ, თუმცა ეს როდემდე გასტანს, არავინ იცის.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
საფლავზე, ასევე გენერალ-მაიორ გენო ადამიას ოჯახის წევრები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების - გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს, 27 სექტემბერს, ჩვენ ერთად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემას. ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია. მჯერა, რომ მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, რადგან წარმოუდგენელია აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ. მჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.