აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ.
მუსიკალური საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს, რომელთაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია.
ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს. ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გენიალური ნაწარმოებები, რომლებსაც დღეს მოვისმენთ, არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელსაც ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვუგზავნით“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
„აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისს დაიწყო და 23 მაისს, „აფხაზეთის დღეს“ რუსთაველის ეროვნულ თეატრში გალა-კონცერტით დასრულდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მუდმივი ყურადღება და მხარდაჭერა, რასაც აჭარის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო გეგმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ ბევრ ერთობლივ, პროექტს განვახორციელებთ, რომელიც ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ „მიამბე აფხაზეთზე“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი ვიდეომასალის სპეციალური ვიდეოინსტალაცია, რომელმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანების მოგონებები აფხაზეთის შესახებ და ამასთან ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
პროექტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი აერთიანებს საზოგადო მოღვაწეების პირად ნარატივებს, ემოციებსა და მოგონებებს აფხაზეთის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მედიარქივად ჩამოყალიბდა. „მიამბე აფხაზეთზე“ სხვადასხვა ადამიანების ისტორიების საშუალებით ინახავს საერთო მეხსიერებას აფხაზეთის ქალაქებზე, ადამიანებზე, ბავშვობაზე, თანაცხოვრებასა და დაკარგულ ყოველდღიურობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის (2 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.
იდენტიფიცირებულ პირებს, ოჯახების გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, ფერწერის მასტერკლასები გაიმართა და მოეწყო ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.
ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილები“ დაეტოვებინათ.
ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.
დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.
„აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს.
ამ საზეიმო განწყობის პარალელურად, ჩვენ ერთი წამითაც არ გვავიწყდება ის მძიმე მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ყოფნა. თუმცა, ხელოვნური ბარიერები უძლურია იმ ემოციური და გენეტიკური კავშირის წინაშე, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
ჩვენი მიზანია, აფხაზეთი ვაქციოთ არა ტკივილის, არამედ ახალი შესაძლებლობებისა და საერთო მომავლის სივრცედ. აფხაზეთი ჩვენი წარსული, აწმყო და, რაც მთავარია, ჩვენი გარდაუვალი მომავალია!“, განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.