აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მხარის მიერ, წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა გიორგი ჯინჭარაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების გეგმები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
„შობა არის იმედის, სიყვარულისა და ერთობის დღე. ამ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და თითოეული თანამემამულის ღირსეული მომავლისთვის. გვწამს, რომ რწმენით, ერთობითა და მოთმინებით შევძლებთ უკეთესი მომავლის აშენებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე 10 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ ასახელეს საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: გიორგი ქალდანი - პარაძიუდო, გიორგი მალანია - კიკბოქსინგი, გიორგი ხვისტანი - ათლეტიზმი, ალექსანდრე შამუგია - პარაკარატე, აკაკი ჯინჭარაძე - პარაწოლჭიმი, ნათია გადელია - ძალოსნობა, მარიამ მარშავა - ტყვიის სროლა, გიორგი ტორუა - მკლავჭიდი, გურამ ვეკუა - ძალოსნობა და ანდრია წურწუმია - ძიუდო.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად ახალციხეში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და დღესასწაულებთან დაკავშირებით საახალწლო ნობათები გადასცეს.
„ჩვენს დევნილ მოსახლეობას მივულოცეთ შობა-ახალი წელი. პირადად ვესტუმრეთ ოჯახებში და გადავეცით მათ საახალწლო ნობათი. მინდა, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად თბილისში, დიდუბის რაიონში საახალწლო ნობათების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს დევნილ მოსახლეობას.
აფხაზეთის მთავრობა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დღესასწაულების პერიოდში დევნილი ოჯახების მხარდაჭერას.
ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.