საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან ამ ახალგაზრდა მოსწავლეებმა, რომელთა დიდ ნაწილს შესაძლოა თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი, ასეთი სიღრმით გადმოსცეს თავისი აზრი და ემოცია.
ეს ახალი თაობა გვაძლევს იმედსა და ძალას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი საერთო მომავლისთვის, რადგან სწორედ ამგვარი ინიციატივები აძლიერებს ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირებს. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესია, რომ მეტად ისმოდეს აფხაზეთის ხმა ჩვენ საზოგადოებაში.“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი წარდგნენ.
კონკურსი აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ტრადიციების და ეთნოგრაფიის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და აფხაზეთის შესახებ 1270 ნაშრომი შეიქმნა.
გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
ოთხი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში. მიმდინარე ნაკადის თემატური მიმართულებები იყო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება, ფილოსოფია და პოლიტიკური იდეოლოგიები.
ახალგაზრდული ბანაკი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებითა და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანს არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების წახალისება წარმოადგენდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
დღესვე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად, ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და გაგრისა და აფხაზეთის ქუჩებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
აღნიშნულ მისამართებზე 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი სახურავის მოწყობა განხორციელდა, ასევე, დამონტაჟდა 18 ერთეული ლითონის კარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებს.
მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის გამართვა 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს არის დაგეგმილი.