სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით, მათთან შეხვედრებს აგრძელებს.

მთავრობის აპარატში მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ყველაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემური საკითხები პირადად გააცნეს.

გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხის მაქსიმალურად დროულ შესწავლასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას დაჰპირდა.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრები ყოველთვიურად იმართება.

2025-08-22
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - ახალგაზრდებმა აფხაზეთიდან უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების პროცესში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„აფხაზეთის მთავრობა მუდმივად ზრუნავს დევნილი ახალგაზრდების განვითარებაზე და აქტიურად უჭერს მათ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში, რადგან სწორედ ახალგაზრდებმა აფხაზეთიდან უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების პროცესში“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ბოლოს გიორგი ჯინჭარაძე დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით დადგმულ თეატრალურ წარმოდგენასაც დაესწრო.

რვადღიანი საბანაკე პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და ტრენინგებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მოზარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.

საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2022 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მასში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.

2025-08-21
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან  ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

"14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ტრაგიკული დღეა. მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა და სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე  გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა.

2025-08-14
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის საჯარო სკოლების საჭიროებების შესწავლა გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია და პედაგოგებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას გაეცნო.
მასწავლებლებთან შეხვედრისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრებს აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია თევდორაძე და №6 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა წოწორია ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის საჯარო სკოლების საჭიროებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ეცნობა.

2025-08-13
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გლდანის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალდანიშნულ მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.

დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია გაევლოთ და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და მედპერსონალს შეხვდა.

„აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც დევნილი მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია. სწორედ ამიტომ, სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს, რათა თითოეულ დევნილს მიეცეს შესაძლებლობა დროულად მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება.“ – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები და ვიზიტები სამედიცინო ცენტრის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

2025-08-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ შინდისის ბრძოლის გმირებს პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

დღესვე გიორგი ჯინჭარაძე გაეცნო შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას, პროექტს და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.

გმირთა მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

2025-08-11