აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2019 წლის 5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა“.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები  და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ და მისი პარტნიორის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებული აუფეთქებელი სამხედრო მასალების პრობლემას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში განაღმვის კუთხით ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრა კამპანიის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე ნაჩვენები იყო კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლიპი.

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმოუდგინეს ნაღმები და სხვადასხვა ფეთქებადი მოწყობილობები, გააცნეს მათგან მომავალი საშიშროებები და უსაფრთხოების წესები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დენის სამუტმა ისაუბრეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ჯერ კიდევ არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე რომლებიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს.

ღონისძიებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი სვიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, №2 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

4 აპრილს ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში 4-დან 10 აპრილის კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში დაგეგმილია ღონისძიებები.

კოლპაქტური ჩასახლების ობიექტში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოებისჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  . თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის  შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილისიდამი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში გრძელდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში მიიწვიეს. მადონა მაქაცარიამ მოსწავლეებს წაუკითხა ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემა - „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია. 


შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. მადონა მაქაცარიამ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობისათვის აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ლუიზა შონიას მადლობის სიგელი გადასცა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა

2-3 აპრილს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის  გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.

კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ  პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.

საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა  და 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობას და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.
    საგრანტო პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა  მ.წ 1 აპრილს ქ.ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამეტის თავმჯდომარემ ვ.ბასარიამ  და   იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზ.ჩაჩავამ გამართეს ქ.ქუთაისში  დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში არსებული ამხანაგებობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განმარტებულ იქნება საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ შინაარსი და  ძირითადი მოთხოვნები.
    შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პროგრამის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რათა მაქსიმალურად იქნას მოცული საგრანტო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები.

ქ. ქუთაისში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა- „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“ გაიმართა

   მ.წ. 1 აპრილს ქ.ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტმა მეწარმე-სუბიექტმა, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილმა მეფუკტრეებმა.

   შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც მავნებლის წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრეს.

   შეხვედაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესი გრძელდება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

 2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო  ა/წლის 29 მარტს ჩატარებულ  აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გატანილ საკითხებზე: 1. ,,აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და 2. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ –აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა ისაუბრა გასულ კვირას,  ა/წლის 25 მარტს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის სხდომაზე გატანილ საკითხზე – ,,სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე’’, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო)  კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე, დისციპლინაზე და სხვა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამები გააცნო

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ახალი პროგრამები ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას, სტუდენტთა პოტენციალის წარმოჩენას, მხარდაჭერასა და სწავლების თანადაფინანსებას. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე და მათ შორის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრმა  მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს  სსიპ  გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

 

დევნილთა მინისტრის მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთში

2019 წლის 29 მარტს ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, ასევე, დევნილი კურსამთავრებული სტუდენტები და ომის ვეტერანი დევნილები. 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და წიგნის ავტორებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ წიგნი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.