აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

წარმომადგენლობა ბათუმსა და ქობულეთში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

2019 წლის 13 მარტს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე თეიმურაზ წულაია და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტები ირინე წიფიანი, ლაშა გადილია და ნანა ჭანტურია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 11 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა  მორიგი თათბირი  სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს  უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ  მინისტრთა საბჭოს  ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75  წლისთავთან  დაკავშირებით  გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე  მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს  მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული  პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის  სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც  ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა, ორი თვის განმავლობაში გაივლის გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსს და შეისწავლის შემდეგ მიმართულებებს:

ა) ტიხრული მინანქარი;

ბ) ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი);

გ) მინის მხატვრული დამუშავება;

გ) ცივი ფაიფური.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელოვანები.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  1. პირდობისა და დევნილის მოწმობის ასლი;
  2. სამოტივაციო წერილი (პროგრამით დაინტერესების შესახებ);
  3. ავტობიოგრაფია (CV).

 

საბუთები მიიღება 15 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადებები გადაირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

577 34 85 34  - კოორდინატორი სალომე თორია

ან გვეწვიეთ მისამართზე: დ. უზნაძის №68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, III სართული, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავას ცხოვრებასა  და მოღვაწეობაზე  ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი,  გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და  თეატრის  მსახიობები. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმის „ჩვენი დროის გმირი“ ფრაგმენტები, რომელშიც ასახულია აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრები.

საღამოზე ჟიული შარტავას ოჯახს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“ გადაეცა.

ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იყო  საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

2019 წლის 11 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა.

    2019 წლის 11  მარტს  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, თათბირს უძღვებოდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის თანამშრომლებს გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის. განსაკუთრებით საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან მიძღვნილი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

 თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებზე და ჩატარებული საქმიანობის სამთავრობო ინტერნეტ პორტალზე განთავსების მნიშვნელობაზე, ასევე საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმარებასა და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, როგორც ქ. თბილისში ისე რეგიონებში. მოისმინეს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაცია გასულ სამუშაო კვირას ჩატარებული საქმიანობის შესახებ.

 შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ბატონი დემურ კეკელია.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

2019 წლის 11 მარტს რუსთაველის ქ. N 48-ში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ზუგდიდში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებთან. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები. შეხვედრისას რეზო ქობალიამ სიტყვით მიმართა ქალბატონებს: მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ გაზაფხულის ყველა ლამაზი დღესასწაული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. თქვენ ხართ წარმატებული ქალბატონები. ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი ხართ, არ გეშინიათ სიახლეების, თქვენი ცხოვრება სავსეა აქტივობებით, შემოქმედებით. მე მიყვარს აქტიური ადამიანები, რომლებიც თვითონ აშენებენ თავიანთ ცხოვრებას, არ სჩივიან არავის, და არც არავის არაფერს არ სთხოვენ. თქვენ ხართ ქალბატონები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე, ხარჯავთ დროს და ენერგიას და სწორედ ამიტომ ხართ წარმატებულები. შეხვედრაზე ასევე გაიმართა უდედმამო მოზარდების კლუბის პრეზენტაცია, სადაც ამ ეტაპზე გაერთიანებულია 5 მოზარდი.

„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში რვა ვიზიტი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.

გასვლით ღონისძიებაზე იმერეთში

7 მარტს  ქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე- 6 საჯარო სკოლის  პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა  საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების - 75-ე წლისთავს, აფხაზეთის ა/რ  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია,  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.

 ღონისძიების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს მიმდინარე და აქტუალური საკითხები.

ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა

„რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე საერთაშორისო გენერალური ასამბლეა სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობისთვის. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის  მოადგილე ბელა კოპალიანმა.

სიმპოზიუმზე  მინისტრის მოადგილე წარსდგა მოხსენებით „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები და პერსპექტივები პლანეტა დედამიწისათვის, საქართველოს მაგალითზე“ . მან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. გამოსვლის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

სიმპოზიუმს საერთაშორისო  ექსპერტები, მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ 42 ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზი, ოსი და ინგუში ახალგაზრდები.

ღონისძიებაზე უდიდესი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურმა მასალამ, სადაც საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ მასალას მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალ წელს, 22-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფლორენციაში ქართული ხელნაწერების გამოფენა მოეწყოს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც გამოითქვა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც ფოკუსირებული იქნება განათლებასა და კონფლიქტების პრევენციაზე, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი“ უმსხვილეს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO.

 

 

 

ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო, რომლის დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამო აგებული იყო ჟიული შარტავას ჩანაწერებზე, რომლებსაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კითხულობდნენ. ამ ჩანაწერებით, ვიდეოკადრებითა და თანამებრძოლთა მოგონებებით დაიხატა პორტრეტი მამაცი, თავდადებული და ერთგული ადამიანისა, რომელიც ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ გაიხსენეს ჟიული შარტავასთან ერთად გატარებული 1993 წლის სექტემბრის ბოლო უმძიმესი დღეები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „ჩვენი დროის გმირი“, რომელიც ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების აფხაზი სეპარატისტებისა და სხვა ჯურის ბოევიკების ტყვეობაში ყოფნის ფაქტებს ასახავს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჟიული შარტავას ოჯახს მისი ინიციატივით დაწესებული სპეციალური მედალიონი, წარწერით „სოხუმელი“ გადასცა.

საიუბილეო საღამოზე მუსიკალურ ნომრები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „დაბადების დღე“ წარმოადგინა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ნინო სადღობელაშვილის პიესის - „დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

სპექტაკლი მაყურებელს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ და ჟიული შარტავას უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. პიესა აგებულია აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ზეპირი ისტორიების საფუძველზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასსა და ხელმძღვანელობას სპექატკლისათვის - „დაბადების დღე“ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სპექტაკლის მაღალ მხატვრულ დონეზე დადგმისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ  გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.

გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.  

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ასევე, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

 

          საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის  თანამშრომლებმა,  ყვავილების გვირგვინით შეამკეს ჟიული შარტავას სახლობის მემორიალი.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 75 წლის გახდებოდა

წლეულს, 7 მარტს ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, „დიდგორის’, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი - 75 წლის გახდებოდა. 


ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.


„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში მეგობრისთვის. თავად კი ამ სიტყვების ერთგული დარჩა, ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.