სოფ. ჭითაწყარში ელქსელის ორსართულიან შენობაში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის რ-ნ სოფ. ჭითაწყარში ელქსელის ორსართულიან შენობაში, სადაც ჩასახლებულია აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი, მიმდინარეობს შენობის სახურავის რეაბილიტაცია. გადასახურავი არის 256,25 მ2 ფართი. პირველ ეტაპზე ხდება ძველი შიფერის სახურავის დემონტაჟი, პარარელურად კი ტარდება გადახურვა მოთუთიებული თუნუქით.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით გრძელდება სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოები დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში.

სამინისტროს თანამშრომლებმა სოხუმის უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

     აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში ,,ბალტიის ჯაჭვი-30’’, მონაწილეობა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები. უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად „ბალტიის გზას“ გამოხატავდა.

     როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, „ცოცხალი ჯაჭვი“ იყო იმის მაგალითი, რომ თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, შეუძლიათ ბოროტებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 8 სექტემბერს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის აფხაზეთიდან დევნილი კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.

სამეგრელოში პროექტ ,,კულტურა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

ქალაქ ზუგდიდსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელებში - ტყაიასა და რუხში პროექტ ,,კულტურა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ტყაიაში საჯარო სკოლის ეზოში მდებარე ,,სკვერის ბიბლიოთეკა“ წიგნადი ფონდით განახლდა, საჯარო სკოლაში მკვლევარმა ნატო მარშანიამ და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლია ახალაძემ აფხაზეთის თემაზე ლექცია წაიკითხეს. პროექტის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა რუხის საჯარო სკოლაშიც, სადაც პოეტმა მანონ ბულისკირიამ თემაზე ,,თანამედროვე მწერლები დევნილობაში ლექცია წაიკითხა.

პროექტი ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზვიად ბოლქვაძისა  და მუსიკალურ ბენდ ,,ნიუტონის“ კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში  აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო  სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გამართა გადამზადების ტრენინგი თემაზე - ზოგადი განათლების  დაწყებითი  საფეხურის (I-VI) კლასების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიის თემატიკაზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო  სკოლების სპეციალური და დაწყებითი  საფეხურის პედაგოგები.

ტრენინგის ფარგლებში სპეციალურმა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია  ნეირომეცნიერების უახლესი მიღწევებისა და კვლევების შესახებ. ტრენინგ-მოდული ასევე  ითვალისწინებდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ვიზუალური და აუდიო მეხსიერების განმავითარებელი სასწავლო სტრატეგიების შესწავლას.

პედაგოგები გაეცნენ ამ დარგში არსებულ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა წარმოსახვითი უნარების განვითარებისა და გაცნობიერების სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეთა სწავლის უნარების განვითარების კუთხით აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი ვიდეო და სასწავლო მასალით. მონაწილეებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სამუშაო პროცესს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით გრძელდება სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოები დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში.

ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მდებარე ყოფილ პროფსასწავლებლის შენობას  დაუმონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, მიმდინარეობს სახურავის რემონტი, უახლოეს ხანებში სახურავის შეღებვითი სამუშაოები დაიწყება.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალი წყალსაწრეტი მილები უმონტაჟდება სოფელ ოქტომბრის ყოფილ პროფსასწავლებლის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი   რეზო ქობალია და მთავარი მრჩეველი თემურ ბოკუჩავა ესწრებიან.

მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები

     აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო, დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოებს ახორციელებს.

     ქ.ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ.#222-ში მდებარე ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სამშენებლო ორგანიზაციის შპს ,,ზანგო-2015’’ მიერ, ოთხივე მხარეს დაუმონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, მიმდინარეობს სახურავის რემონტი, უახლოეს ხანებში კი დაიწყება სახურავის შეღებვითი სამუშაოები.

 

რეზო ქობალია ზუგდიდში ვეტერანთა ხეივნის გახსნას დაესწრო


ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი საზეიმოდ გაიხსნა. ხეივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასთან, ვეტერანებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და ხეივნის ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველობილიკი.

 

 

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით ზუგდიდში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.

საფეხბურთო გუნდებს შორის პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ლაღიძის ქუჩისა და ფაიფურის დასახლების მოზარდები გახდნენ. ტურნირში გამარჯვებულ გუნდს თასი, ხოლო მონაწილეებს  მედლები და სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულები  სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ საზეიმოდ დააჯილდოვეს.

ტურნირის მიზანია სპორტულ ცხოვრებაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია. 

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ბათუმში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე  რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების საჭიროებები განიხილეს და მათ წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის მთავრობის წევრები  აჭარაში ასევე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.  კონსტანტინე კუჭუხიძე და დავით ფაცაცია კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) , ხინიკაძის №4-ში, ბენზეს დევნილთა ჩასახლებაში, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, მოისმინეს ინფორმაცია ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობასთან ერთად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე ობიექტზე მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, გამოიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე იმუშავებს.  

შეხვედრებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა მონაწილეობდა.

სამინისტროში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც განხილულ იქნა მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებები, შესაბამისად კომისიამ განიხილა წარმოდგენილ ობიექტებზე (ქ.თბილისი, ვარკეთილის მეორე და მესამე მ/რ, კორპუსი #34-სა და ქ. თბილისი, დაბა წყნეთის გურამიშვილი # 40)-ში ტექნიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული მონაცემები და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში აცხადებს კონკურს  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) კონკურსანტი უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან  ნეიტრალური სამგზავრო  დოკუმენტის მფლობელი;
ბ) ასაკი არ აღემატება 35 წელს;
გ) მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე;
დ) სწავლობს უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

დაფინანსების საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90 ან (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური  შეფასება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური  სამგზავრო  დოკუმენტის  ასლები;
ბ) CV/რეზიუმე;
გ) სამოტივაციო წერილი (ფონტი - sylfaen; ფურცლის ზომა-A4; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1,5;  მოცულობა- არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300 სიტყვისა);
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე  უპირობო  ჩარიცხვის  წერილი;
ე) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხის დიპლომი;
ვ) უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი.
ზ) ორი რეკომენდაცია დაწერილი ლექტორის მიერ (ბოლო ექვსი თვის ვადით გაცემული);
თ) დოკუმენტი  სემესტრულად/წლიურად სწავლის  საფასურის  შესახებ;
ი) ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების  ასლები (არსებობის  შემთხვევაში);

(უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები განიხილება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე)

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ (სემესტრულად).

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ე.წ. „Executive“სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

მოქალაქეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე apkhazeti@mes.gov.ge ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება და დამატებითი დრო საბუთების წარმოდგენისათვის არ განისაზღვრება.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაბა ურეკში სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში დაისვენებენ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  სოციალურად დაუცველი, 3-დან 6-წლამდე ასაკის თხუთმეტი ბავშვი მშობლებთან ერთად დაბა ურეკში დაისვენებს. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში  ათი დღის განმავლობაში ბავშვების ჯანმრთელობაზე გამოცდილი პედიატრი იზრუნებს.

ბავშვები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა  და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლებმა გააცილეს.

პროექტი ასოციაცია"იმედი"დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ძვალ-სახსროვანი დაავადებით ხშირად  მოავადე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება,  იძულებით გადაადგილებულ  ქალთა და ბავშვთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია.

 

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოში კლასიკური მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალ ”ღამის სერენადები”-ს ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი ,,არ დამივიწყო“ ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან პარაკლისი აღევლინა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო.

1983 წლიდან მსოფლიოში, ხოლო  2011 წლიდან კი საქართველოში 30 აგვისტოს  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.