აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

2007 წლიდან ყოველ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე  აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულის სახით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.

კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ფარულავამ წარმოადგინა თემა ქართველი და აფხაზი ხალხის ძირძველ ურთიერთობაზე, კულტურულ ფასეულობებზე, შერვაშიძეთა საგვარეულო ისტორიაზე, სოხუმში ილია ჭავჭავაძის სტუმრობასა და მისი მასპინძლობის შესახებ; სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზა ნარსიამ მოიხმო ეპიზოდები 70-80-იანი წლების აფხაზეთის კულტურული ცხოვრებიდან, ისაუბრა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თატრის როლზე, იქ მოღვაწე გამოჩენილ მსახიობებზე, აფხაზ და ქართველ პოეტებზე; სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ლანა კვაშილავამ წაიკითხა თემა: „ცოტა რამ გიორგი შარვაშიძისა და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი ინტელიგენციის ურთიერთობიდან; აფხაზური ენის მასწავლებელმა ანგელინა გოგიამ ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და შეეხო ქართველთა და აფხაზთა ქორწინებას, რომლის ნათელი მაგალითი მისი საკუთრი ოჯახია. მან ისაუბრა აგრეთვე  სკოლაში აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე.

აფხაზური ენის კვირეული აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.

 

 

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს  ინფორმაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდეციების შესრულების შესახებ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2017 წლის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის კანონის პროექტი.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადება აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით

სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი,სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის იქ არსებულ დღევანდელ ხელისუფლებას, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სოხუმში დაუშვან საერთაშორისო სპეციალისტები. ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას ეკოლოგიურად ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოში. - კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

 

შეხვედრას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი იგორ კოპალიანი. შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა დევნილთა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მომზადდა კონკრეტული წინადადებები.

შემაჯამებელი შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

განცხადება აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით

სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა დაიწყო . როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი, სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. სპეციალისტების განცხადებით, პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ისაუბრა სვეტლანა ქეცბას დამსახურებაზე და წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში. გამომსვლელებმა გაიხსენეს აფხაზი ქალბატონის ცხოვრება და მოღვაწეობა.  საღამო მუსიკალურად გააფორმა წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.

17 ოქტომბერს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა. მას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

დღეს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა

17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა.

ფასდაუდებელია სვეტლანა ქეცბას ღვაწლი  საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ქართულ-აფხაზური  კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნების საქმეში.

აფხაზი ქალბატონი დაუღალავად ემსახურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დათბობასა და მათ შორის შერიგების ხიდის აღდგენას.

სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდმივად აფხაზეთთან იყო დაკავშირებული. ის სხვადასხვა დროს  ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე,  ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.

სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები. ის, ასევე, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა  საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვის საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია.

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს „ვეტერანის დღეს“ ულოცავს

ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს". დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.

სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობას გიხდით თქვენ ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, სულის მხნეობას და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.

აქვე, უდიდესი გულისტკივილით გვსურს მოვიხსენიოთ ათასობით დაღუპული გმირის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს, ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის წინაშე.

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი..." გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია" - ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი და მუსიკოსი დოდო მერკვილიშვილი. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპული მეომრები გაიხსენეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მან, ასევე, საღამოს ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას. აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.

მეფუტკრეობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების მიერ ჩამოყალიბებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "კოდორი 2015"-ის სტაციონარული საფუტკრის ტერიტორიაზე (გარდაბნის რაიონი, სოფ.ვახტანგისი) რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის გარემოსდაცვითი მონიტორინგის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისა და მთა-ბარიანობის ოპტიმალური მარშუტების შერჩევის შედეგად წლების განმავლობაში კოოპერატივის წევრების მიერ წარმოებული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ლატვიის ლაბორატორიის "Bior"-ის დასკვნები.

 კოოპერატივის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზური ენის თვითმასწავლებლის პრეზენტაცია შედგა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის თემატიკაზე (მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება და ა.შ) გამოცემული, როგორც ქართულენოვანი, ისე აფხაზურ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა გამოიფინა. 

აქვე გაიმართა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია. ელექტრონული სასაუბრო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. აფხაზური ენის თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს აფხაზური ენა. აფხაზური ენა საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს ხელისუფლება მის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. ყოველივე ამის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს. 


აფხაზეთის თემატიკის ამსახველ ქართული და აფხაზური გამოცემებით წარმოდგენილ კუთხეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია მასპინძლობდა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი წიგნები გამოსცა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა. რუსეთის მიერ განხორციელებული ვანდალური აქტების შედეგად აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის პირვანდელ სახეს. აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად ჩვენ მკვლევარებს არ აქვთ შესაძლებლობა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მონახულებისა და კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა.

ამ მიზნით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ამავე სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ ითარგმნა და გამოიცა ლევან რჩეულიშვილის წიგნი - „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ 1988 წ. ნაშრომში განხილულია აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლები. ლევან (ლეო) რჩეულიშვილის ხელახალი გამოცემა - „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ წარმოდგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. ასევე ხელახალი გამოცემის რეზიუმე ითარგმნა გერმანულიდან ინგლისურ ენაზე. წიგნის ხელახალი გამოცემის მთავარი რედაქტორია დიმიტრი თუმანიშვილი, გამოცემის რედაქტორები არიან აგრეთვე ირაკლი გელენავა, გიორგი პატაშური და ქეთევან დავითაია.

გარდა ამისა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, გამოსცა ალბომი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - მოკლე მიმოხილვა“, რომელშიც შესულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არიქტექტურის, მცირე ხელოვნებისა (რელიეფები, ჭედრუობა) და ხელნაწერების ნიმუშები, მათ შორის ამავე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალების ილუსტრაციები. ალბომში აფხაზეთის ა/რ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა წარმოდგენილია უახლესი ფოტო-მასალით. ალბომი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - მოკლე მიმოხილვა“ წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, ტექსტის ავტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლია ახალაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს გამოცემები წარმოდგენილი იყო ქალაქ ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე. გამოცემების მიზანია აფხაზეთის კულტურული მემეკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "კოდორი 2015"-ის პროდუქცია თბილისობა 2018-ისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების მიერ ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "კოდორი 2015" თბილისობა 2018-ისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა.  კოოპერატივ „კოდორი 20015“-ის სტენდთან, როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. სტუმართა ინტერესი გამოიწვია თაფლისა და თაფლის პროდუქციის ფართო ასორტიმენტმა და ორიგინალურმა შეფუთვამ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე აფხაზეთის შესახებ  წარმოდგენილმა გამოცემებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

აფხაზეთის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა  და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ უმასპინძლა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ბესო ხვედელიძემ აფხაზეთის თემატიკაზე  ისაუბრეს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ასევე აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული სასაუბრო  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციავტივითა და მხარდაჭერით სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

500 წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენელია ასი ათასამდე დასახელების წიგნი და უახლესი გამოცემა.

აღნიშნულ ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზური კუთხის არსებობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ გამოცემული წიგნების გამოფენა  უნიკალური შესაძლებლობაა,  უკეთ  გააცნოს ევროპას საქართველოს ისტორიული კუთხე - აფხაზეთი თავისი მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემებით: ზურაბ ჯგუბურიას „ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში", „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა ფაქტები შეფასებები" და „ოკუპირებული აფხაზეთი - 25", სალომე კაპანაძის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი", ნატო მარშანიას „ქედუხრელი რაინდი", მალხაზ ბარამიძის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში", ლევან რჩეულიშვილის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში", ნუგზარ მგალობლიშვილის „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები". ასევე, წიგნები: „აფხაზური ენის თვითმასწავლებელი", „აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში, XIX საუკუნე (ფოტოალბომი)", „15 აფხაზური სიმღერა" და სხვა.