აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის სემინარი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის სემინარი გაიმართა.

სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.. სემინარზე სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ასევე, შეხვედრაზე ბიუჯეტის კანონი, საბიუჯეტო კოდექსი, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში განაგრძო.

1-დან  მე-11 კლასამდე 300-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეძლებენ. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ასევე, მოქმედებს შემოქმედებითი  სტუდიები.

სკოლის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიებას დაესწრო

კოლხეთის ეროვნულ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტ  „კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი საშემოსავლო საქმიანობის მხარდაჭერის მეშვეობით" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიებას დაესწრო.

პროგრამის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ფოთში მდებარე ბიზნესის განვითარების ცენტრის მეშვეობით, მხარდაჭერა აღმოუჩინა ქალაქ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, საშემოსავლო საქმიანობის გაღვივებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიებას რუმინეთის ელჩი დუმიტრუ ბადეა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მერი ირაკლი კაკულია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და მათ მიერ მხარდაჭერილი თხუტმეთი  ბიზნესის წარმომადგენელი.

პროგრამის მხარდამჭერი და პარტნიორი რუმინეთის საგარაეო საქმეთა სამინისტროა.

მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.

შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები.

აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - მაკა სანიკიძე, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - საბა სოსელია, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კომპოზიტორთა სახლში ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი 2" აფხაზეთიდან დევნილ კომპოზიტორსა და შემსრულებელ ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა.

სკოლის აღსაზრდელებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.

საღამოს აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტრუქტურების წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი ლელა უბილავა ესწრებოდნენ.

ღონისძიება სიმღერით „აფხაზეთო, საქართველოს მშვენებავ" დასრულდა.

კინოცენტრის „ქართული ფილმი - აფხაზეთი“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კინოცენტრის „ქართული ფილმი - აფხაზეთი" შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

კინოცენტრი „აფხაზეთი" 2005 წელს დაარსდა და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. კინოცენტრის შემადგენლობაში შედის: ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა"; კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კვალი XXI"; კინოსტუდია „კვალი". კინოცენტრი საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალ „ნიქოზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია, ასევე მუსიკალური ფესტივალის „თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოების" მუდმივი პარტნიორია.

საღამოზე კინოცენტრის მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის პრეზენტაცია გაიმართა და ასევე, კინოცენტრი "აფხაზეთის" განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ვახტანგ ყოლბაიასა და ნილ სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილ სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში და დევნილთათვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით პროქტების განხორციელების შესაძლებლობები.

ვახტანგ ყოლბაია „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ ხელმძღვანელს თემურ ხუროძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" კლინიკის ხელმძღვანელს თემურ ხუროძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და დაათვალიერეს კლინიკის ინფრასტრუქტურა.

„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უკვე მრავალი წელია პაციენტებს მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და კვალიფიციური მედპერსონალით ემსახურება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლინიკებთან, მათ რიცხვს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უახლოეს მომავალში შეემატება.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.

ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა გურამ ყურაშვილმა 1981 წელს აფხაზეთში, ქ. სოხუმში  მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელას ჩამოყალიბება იტვირთა. მის მიერ შექმნილმა კაპელამ კი 1981-1992 წლებში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის არაერთ ქვეყნაში,  საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების I ადგილისა და  გრან-პრის შეუცვლელი მფლობელი გახდა. ის მთელ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში აღიარებულ საკონცერტო გუნდად იქცა. ხოლო  გურამ ყურაშვილი, როგორც ქორმაისტერი, პარალელურად მასტერკლასებს მართავდა, რაც ქართული საგუნდო შემსრულებლობის იშვიათი გამარჯვება იყო.

1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.

გურამ ყურაშვილი 2005 წლიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოწვევით ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მმართველია. 2007 წელს კი ანსამბლის ბაზაზე ახალგაზრდა მომღერლებისაგან აყალიბებს კამერულ გუნდს, რომელიც მალე ევროპას ხიბლავს.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ 2008 წელს უნგრეთის ქ. დებრეცენში „ბელა-ბარტოკის სახელობის“ თანამედროვე საგუნდო პროფესიული მუსიკის კონკურსზე  III-ე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით. 2012 წელს კი წარმატებით ჩაატარა საკონცერტო ტურნე ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ბარსელონას საერთაშორისო კონკურსზე „მონსერატის ოქროს ხმები“ გრან-პრის მფლობელი გახდა.

აგერ უკვე რამდენი წელია, რაც საქართველოს და თამამად შეიძლება ითქვას, უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის მსმენელი გულმოდგინედ ელის აფხაზეთის კაპელას კონცერტებს - მის მიერ შესრულებულ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკის  შედევრებს. ბოლო წლებში თბილისში  გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალზე, ისევე როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის ქართულ საგუნდო შემსრულებლობაში, აფხაზეთის საგუნდო კაპელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე კოლექტივად აღიარეს, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.

მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  მან საკუთარი საქმით, პროფესიონალიზმით, ხელწერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე. თუმცა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. ნათელში იყოს მისი სული და მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა.

გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.

შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში  საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ.    დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის  სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - სანიკიძე მაკა, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სოსელია საბა, პირველი ადგილი;       სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

დღევანდელი სხდომის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, ასევე, საკითხის შემდგომი აქტუალიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების მიღწევა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული განათლების უფლების მონიტორინგი.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ქვაჩაკიამ გააცნო. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვა. მისივე განცხადებით, ამ მხრივ, უკიდურესად არის ვითარება გამწვავებული გალის რაიონში, რომელიც მუდამ იყო და დღესაც რჩება უპირატესად ქართულ რეგიონად. „კონფლიქტის დასრულებიდან 20 წლის განმავლობაში ოკუპანტები და სეპარატისტები თანმიმდევრულად ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური და კულტურული გენოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას. გალის რაიონის მოსახლეობა აღნიშნული პოლიტიკის გავლენით ამჟამად განახევრებულია, და ეს მაშინ, როდესაც ის ომამდე უტოლდებოდა მთელ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზი ეროვნების ადამიანების რაოდენობას. რაიონს აკონტროლებენ რუსული საოკუპაციო ძალები. მოქალაქეები ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს არიან მოკლებულნი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტები და სეპარატისტები ცდილობენ დემოგრაფიული მდგომარეობის ძალადობრივ შეცვლას და იძულებით რუსიფიკაციას;შეიცვალა რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები, მოსახლეობის უმრავლესობა კანონგარეშე არის გამოცხადებული; ქართველებს ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

მანანა ქვაჩაკიამ ოკუპირებული გალის რაიონის საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობა მიმოიხილა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების ენისა და სტატუსის შესახებ ისაუბრა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებების დარღვევის ზოგადი სურათი და ფაქტები გააცნო დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს. ასევე, ისაუბრა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში სწავლების რუსულ სტანდარტზე გადაყვანის კონკრეტულ ღონისძიებებსა და ფაქტებზე.

განათლების სისტემაში, მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა. ოკუპანტები და სეპარატისტები კატეგორიულად კრძალავენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას. „ომამდე, იქ არსებული ზოგადსაგანმანათლებლო 58 სკოლიდან, მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად გალის რაიონში 31 სკოლაა, აქედან 20 ქართული სკოლა იძულებითი წესით რუსულ სწავლებაზეა გადაყვანილი, დანარჩენი 11 სკოლა გასული წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე, და ეს ხდება მაშინ, როდესაც რაიონში მოსწავლეთა კონტიგენტის 98 %-ს ქართველები შეადგენენ", - განაცხადა მანანა ქვაჩაკიამ. მისი თქმით, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2008 წლიდან მთლიანად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა. მისივე ინფორმაციით, სასკოლო ატესტატებში მოსწავლეებს მშობლიურ ენად უწერენ არა ქართულს ან აფხაზურს, არამედ რუსულ ენას. დარღვეულია ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლება, ასწავლონ და ისწავლონ მშობლიურ ენაზე.

მანანა ქვაჩაკიამ ისაუბრა, ასევე, საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამასა და პროექტში გალის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგთა ჩართულობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებით, ეს საკითხი მტკივნეულია არა მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე როგორც გაეროს ტრიბუნიდან, ასევე პრეზიდენტის, პრემიერის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნიდან არაერთხელ გაჟღერებულა. „ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვადასხვა უწყებები დიპლომატიურ ურთიერთობებით ცდილობენ ამ რთული საკითხის მოგვარებას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, არის თემები, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ არ იცის და ეს თემები არ უნდა დავივიწყოთ. „დღევანდელი ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გზავნილი, რომ იყოს მობილიზებული და არამარტო ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. იგი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წლის ბოლოს საერთაშორისო კონფერენციის გამართვას გეგმავს. „ყველა საკითხს, რაც აქ ითქვა, კრიტიკული იყო თუ არა, აქვს თავისი ნიშა. მოდით, ვიმუშაოთ იმ თემებზე, რაც დღეს სხდომაზე მოვისმინეთ", - განაცხადა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ყოლბაია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, არსებულ მემორანდუმში დამატებით პუნქტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ  ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ვეტერანთა პრობლემებზე მომუშავე სტრუქტურის შექმნის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე დაიგეგმა ვეტერანებთან მიმართებაში ქმედითი პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს  მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანები იმყოფებოდნენ.

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

სხდომის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, ასევე, საკითხის შემდგომი აქტუალიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების მიღწევა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული განათლების უფლების მონიტორინგი.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გააცნო. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვა.  ამ მხრივ, უკიდურესად არის ვითარება გამწვავებული გალის რაიონში, რომელიც მუდამ იყო და დღესაც რჩება უპირატესად ქართულ რეგიონად.

„კონფლიქტის დასრულებიდან 20 წლის განმავლობაში ოკუპანტები და სეპარატისტები თანმიმდევრულად ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური და კულტურული გენოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას. გალის რაიონის მოსახლეობა აღნიშნული პოლიტიკის გავლენით ამჟამად განახევრებულია, და ეს მაშინ, როდესაც ის ომამდე უტოლდებოდა მთელ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზი ეროვნების ადამიანების რაოდენობას. რაიონს აკონტროლებენ რუსული საოკუპაციო ძალები. მოქალაქეები ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს არიან მოკლებულნი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტები და სეპარატისტები ცდილობენ დემოგრაფიული მდგომარეობის ძალადობრივ შეცვლას და იძულებით რუსიფიკაციას; შეიცვალა რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები, მოსახლეობის უმრავლესობა კანონგარეშე არის გამოცხადებული; ქართველებს ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

მანანა ქვაჩახიამ ოკუპირებული გალის რაიონის საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობა მიმოიხილა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენის სწავლებისა და სტატუსის შესახებ ისაუბრა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებების დარღვევის ზოგადი სურათი და ფაქტები გააცნო დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს. ასევე, ისაუბრა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში სწავლების რუსულ სტანდარტზე გადაყვანის კონკრეტულ ღონისძიებებსა და ფაქტებზე.

განათლების სისტემაში, მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა. ოკუპანტები და სეპარატისტები კატეგორიულად კრძალავენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას. „ომამდე, იქ არსებული ზოგადსაგანმანათლებლო 58 სკოლიდან, მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად გალის რაიონში 31 სკოლაა, აქედან 20 ქართული სკოლა იძულებითი წესით რუსულ სწავლებაზეა გადაყვანილი, დანარჩენი 11 სკოლა გასული წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე და ეს ხდება მაშინ, როდესაც რაიონში მოსწავლეთა კონტინგენტის 98 %-ს ქართველები შეადგენენ", - განაცხადა მანანა ქვაჩახიამ. მისი თქმით, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2008 წლიდან მთლიანად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება,

საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა. მისივე ინფორმაციით, სასკოლო ატესტატებში მოსწავლეებს მშობლიურ ენად უწერენ არა ქართულს ან აფხაზურს, არამედ რუსულ ენას. დარღვეულია ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლება, ასწავლონ და ისწავლონ მშობლიურ ენაზე. მან ისაუბრა, ასევე, საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამასა და პროექტში გალის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგთა ჩართულობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებით, ეს საკითხი მტკივნეულია არა მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე როგორც გაეროს ტრიბუნიდან, ასევე პრეზიდენტის, პრემიერის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან არაერთხელ თქმულა. „ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვადასხვა უწყებები დიპლომატიურ ურთიერთობებით ცდილობენ ამ რთული საკითხის მოგვარებას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, არის თემები, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ არ იცის და ეს თემები არ უნდა დავივიწყოთ. „დღევანდელი ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გზავნილი, რომ იყოს მობილიზებული და არა მარტო ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. იგი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წლის ბოლოს საერთაშორისო კონფერენციის გამართვას გეგმავს. „ყველა საკითხს, რაც აქ ითქვა, კრიტიკული იყო თუ არა, აქვს თავისი ნიშა. მოდით, ვიმუშაოთ იმ თემებზე, რაც დღეს სხდომაზე მოვისმინეთ", - განაცხადა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
აფხაზეთის მთავრობა სამძიმარს უცხადებს იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 14 აპრილს იაპონიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ტრაგედიის გამო. მიწისძვრამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულობით დაშავდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს იაპონიის ხელისუფლებასა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა

ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა, რამაც  110 ადამიანის მოწამლვა გამოიწვია. წყლის დაბინძურება სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა.

აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის, აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს ერთობლივი მოქმედებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

დევნილთა დასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე იმყოფებოდნენ, პრობლემებს გაეცნნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.