აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა „მშვიდობა უდრის მომავალს“ მოეწყო

ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის „მომავლის ხმა“ ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა „მშვიდობა უდრის მომავალს“ მოეწყო. პრეზენტაცია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია მეორის დაბადებიდან 82 და აღსაყდრებიდან 38 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყობაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბა, საპატრიარქოს წამომადგენლები, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე ხუბუა, მხატვრები და პოეტები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და  პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ფოლკლორის ეროვნული სკოლა, საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი „შავლეგო“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „ მომავლის ხმა“ მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზური ენის დღეს ულოცავს აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ულოცავს აფხაზური ენის დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება. დღეს, საქართველო წარმოადგენს შემდგარ სახელმწიფოს, რომლის ფარგლებშიც აღიარებული და დაცულია ავტოქტონური მოსახლეობისა თუ მცირე ეთნიკური ჯგუფების ფუნდამენტური უფლებები. ხელისუფლების მხრიდან, ყველანაირად ხელი ეწყობა მათ პიროვნულ და კულტურულ განვითარებას. ეს კი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტების შედეგია.

  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია. სახელმწიფო, მის დაცვასა და განვითარებაზე ისევე ზრუნავს, როგორც ქართულისა და სხვა ენების პატრონობაზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის კათედრა. ამის ფონზე, გულსატკენია ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით შექმნილია ქართულ ენასთან მიმართებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ვინაიდან ენა წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს და თვითგამოხატვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, კონტრპროდუქტიულ შედეგებს იძლევა ადამიანებისთვის საკუთარ ენაზე სწავლების აკრძალვა.

  იმედს გამოვთქვამთ, რომ გათვალისწინებული იქნება აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთილი იქნება აფხაზური ენისა და ეთნოსის დაკნინების ნებისმიერი მცდელობა, რომლის უპირველესი დამცველი სწორედ რომ საქართველოს სახელმწიფოა.

  კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ასევე თბილისის მასშტაბით ფლაერები დაარიგეს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და აფხაზური დამწერლობის ისტორიაზე.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება „ბახტრიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაიხსნა

დღეს, ავჭალაში, დევნილთა კომპაქტურ  ჩასახლება „ბახტრიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და გლდანის გამგეობის მხარდაჭერით ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაიხსნა.

სტადიონის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გლდანის გამგეობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოედანზე ფეხბურთში „ბახტრიონის უბნის" გუნდსა და გლდანის რაიონის ჩემპიონ „ავჭალა" -ს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა.

ვახტანგ ყოლბაიამ  მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსათვის თბილისის მერიასა და გლდანის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

„როდესაც თავის დროზე ამ ჩასახლებაში დევნილებს თბილისის მერი დავით ნარმანია და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე შეხვდნენ, დაპირდნენ,რომაქ აშენდებოდა დიდი სტადიონი, სადაც ითამაშებენ არა მარტო დევნილები, რომელთა შორისაც დაახლოებით 300 ბავშვია, არამედ უბნის სხვა ახალგაზრდებიც. ძალიან მიხარია, რომ მერიამ და გამგეობამ გულთან ახლოს მიიტანეს ეს საკითხიდა ეს სტადიონი ააშენეს. ამ საქმეს უამრავი კარგი შედეგი ექნება.მადლობას ვუხდი მათ და მჯერა, რომ დევნილთათვის კიდევ მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სიმინდის მოსავალის აღებაში დაეხმარნენ

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოსცა სიმინდის მორიგი მოსავალი მოვიდა. მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა.

თხუთმეტი ჰექტარი მიწის ფართობიდან მიღებული 15 ტონა მოსავალი დევნილ ოჯახებს დაურიგდებათ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით 2 წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულია რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი.

დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რუხში არსებული სასათბურე მეუნეობაც მოინახულეს, რომელიც იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის (სფტი) დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის (სფტი) დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე მიესალმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა დაესწრნენ. გია გვაზავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციაში ბირთვული ფიზიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. სხდომას სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა უძღვებოდა. მან ინსტიტუტის დაფუძნებიდან დღემდე განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. თუ როგორ ყალიბდებოდა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით, რაც განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში.

ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა როგორც ბირთვული და თერმობირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმის, მყარი ტანის ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში.

მძიმე წლებისა და დევნილობის მიუხედავად, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა თბილისში საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო ფუნქციონირება.

ღვაწლმოსილი პედაგოგის ლევან ესათიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში“ ლევან ესათიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის დირექტორს - ლევან ესათიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის 45, ხოლო დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.

ლევან ესათია ხანგრძლივ პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა მოზარდი თაობების სწავლისა და აღზრდის, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა დარეგულირების, ქართული და აფხაზური სახელმწიფო ენების დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით.

ლევან ესათიას იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი წერილების, სტატიების, ნაშრომების კრებული - წიგნში გაანალიზებულია თანამედროვე აფხაზეთში არსებული ვითარება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და იუბილარს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაინმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ლევან ესათიას კოლეგებმა და მეგობრებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ლევან ესათიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხ საჯარო სკოლაში, რომლებიც თბილისში, ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.

დღეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია  დაესწრნენ.

სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა  თვალსაჩინოება, ფერადი  ილუსტრაციები, რუკები, ფოტოები, ვიდეომასალა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური". საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზური ენის განვითარებაზე  განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამ კუთხით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება არის ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის  გზაზე.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისა მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წლებია სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

მარტვილში მცხოვრებ დევნილებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 17-18 ოქტომბერს, მარტვილში მცხოვრებ დევნილებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქციაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტებმა მიიღეს.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.

ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე პირადად უწევდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელშეწყობით, აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია და უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, ასევე სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის ომის ვეტერანები სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწეული ღვაწილისათვის. 

ვეტერანებს, „ჩაისა და თაფლის ფესტივალის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო აფხაზეთის მეომართა კავშირმა მათ მიერ გამოცემული ჟურნალი „ვეტერანი“ გადასცა.

ეროვნული მუზეუმის ეზოში „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„საპატიო თბილისელის“ წოდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელებს“ სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კულტურის მოღვაწეები და დედაქალაქის სტუმრები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ფლორენციაში იმყოფებოდა

აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 4-11 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ინტერკულტურული ვორქშოფი გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის პროფესორები და სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

ინტერკულტურული ვორქშოფი „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები" პალაცო კოპინის დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები, ასევე იტალიური ორგანიზაცია „რონდინე", რომელიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიელი სტუდენტებიც. ახალგაზრდებმა იმუშავეს შერეულ ჯგუფებში თემაზე „რა გვაერეთიანებს და რა გვაშორებს". წარმოადგინეს ახალი ხედვები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებს.

ასევე, გაიმართა გამოფენა სათაურით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი", რომელშიც თავმოყრილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული კალიგრაფიის ნიმუშები და დამთვალიერებლებს დაურიგდათ მასალები ქართული კალიგრაფიის ისტორიის შესახებ.

პარალელურად ქართულ-აფხაზური სამზარეულოს პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალები და წიგნები გადაეცათ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამოფენის დღეებში აქტიურად ჩაერთო ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო და ქართული დიასპორა.
ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრები ევროპისა და ფლორენციის უნივერსიტეტებში, სადაც მონაწილეთათვის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორებისა და ექსპერტების მიერ ჩატარდა ლექციები თემებზე: ინტერკულტურული დიალოგი, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული ბიოგრაფიები და ევროპული ასპექტები.

პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის,საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, „დელ ბიანკოს" ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტების მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება აფხაზეთის პრობლემატიკისადმი, ასევე ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.

ადგილობრივ მედია საშუალებებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აქტიურად გაშუქდა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ 20 წლის იუბილე აღნიშნა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" 20 წლის იუბილე აღნიშნა. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ცენტრის 20 წლიანი საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და დღეისათვის მრავალ პროექტს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი ახალ შენობაში განთავსდა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს თბილისის მერიამ თოფურიას №10-ში ახალი საოფისე ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, სულიერების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ქეცბას ინიციატივით ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვნები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ძველი ოფისი ე.წ. კაზარიანცის სახლში მდებარეობდა და ის იქ გაჩენილ ხანძარს შეეწირა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის განკარგულებით, თოფურიას ქუჩაზე არსებული ფართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც შენობა სულიერებისა და კულტურის ცენტრს გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ფართის გადაცემისათვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. გაწეული სამსახურისთვის ყოლბაიას მადლობა დაიმსახურა ცენტრის ხელმძღვანელმაც, სვეტლანა ქეცბამ.

„აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს მინდა მივულოცო ახალი ჭერი და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელმაც ეს ფართი აფხაზეთის სტრუქტურებს გადასცა, ჩვენ კი თავის მხრივ, ეს შენობა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრსგადავეცით, რომელსაც ქალბატონი სვეტლანა ქეცბა ხელმძღვანელობს. იგი მართლაც გამორჩეული ქალბატონია თავისი წარსულით, შემოქმედებითი მიდგომით, უნარით, სულ ახალი იდეებით. მას უამრავი საინტერესო ახლაგაზრდა ჰყავს გარშემო შემოკრებილი.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას, ამ ცენტრს, აქვს ლოცვა-კურთხევა პატრიარქისაგან. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ცენტრის შექმნაში და ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამანეტის წევრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკლიპისა და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საკანონმდებლო, აკადემიური წრეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ზუხბაიას ოჯახის წევრებიც.

შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია.

„ოთარ ზუხბაია ბევრი რამით იყო გამორჩეული, მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი სამშობლოს უზომო სიყვარული იყო; ის შეყვარებული იყო აფხაზეთზე. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა არ მომხდარიყო ეს ძმათამკვლელი ომი. ბატონი ოთარისადმი მიძღვნილი ჩვენი დღევანდელი საღამო იმას ემსახურება, რომ შევახსენოთ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ ქვეყნის სიყვარულში მთავარია პატრიოტიზმი, შენი შესაძლებლობების მორგება შენი ქვეყნისათვის, რასაც აკეთებდა ბატონი ოთარი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.