აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გამართა. მონაწილეობდნენ გუნდები როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სომხეთიდან.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის ექვსმა მეორე საპრიზო,  ხოლო ერთმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით დაჯილდოვდა.

გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ყურაშვილმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.

ტურნირის ჩატარების პარტნიორ ორგანიზაციებს შორის იყვნენ: აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაცია, თბილისის სპორტული კომპლექსი „მართვე", შპს „დეველაიკი".

ნორჩ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

19 მარტს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნორჩ-მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-კონკურსი გაიმართა. გამოფენა-კონკურსში ააიპ ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სამხატვრო სკოლის - „აფხაზეთი №1" მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოფენა მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა და წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.

აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ, მხატვარ ნუგზარ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორად ანა კუჭაშვილი დაასახელა. გამარჯვებულ კონკურსანტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა საჩუქრად მსოფლიო ბესტსელერად აღიარებული წიგნი - ერნსტ გომბრიხის „ხელოვნების ამბავი" გადასცა.

გარდა ამისა, ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურეს: ვერიკო გერგაულის, ნინო გერგაულის, ლუკა ტალახაძის, ლუკა გადრანის, ეკა კურდღელიას, დავით ღადუას, მარიამ ჭიჭინაძის, მაიკო არღვლიანის, გიტო ბენდელიანის, ლუკა მეფარიშვილის, გიორგი დიხამინჯიასა და ანა ტალახაძის ნამუშევრებმა. მათ საჩუქრად ფუნჯები, აკვარელი და სახატავი რვეულები გადაეცათ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი 17-18 მარტს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 31-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ქართული მხარე ასევე დააყენებს გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უკანონო დაკავებების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებს.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

15-16 მარტს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სკულპტურული მემორიალი ,,ერთიანი საქართველოსთვის'' გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვახტანგ ყოლბაია საქართველში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტომაშ პერნიცკის შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

შეხვედრაზე ბატონმა ტომაშ პერნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად ჩეხეთის შესაძლო ჩართვა ჰუმანიტარულ პროექტებში.

შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჩეხეთის  საეჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კურსანტების დაღუპვის გამო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკაში, ნიუ-ჯერსში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ქართველი კურსანტების - ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო.

უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მთელ საქართველოს.

რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ჭადრაკში აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჩატარდა

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის საგზურებისთვის ზუგდიდში ჩატარდა აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭებმა.

ტურნირს მასპინძლობდა აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა. ტურნირის მიზანი იყო ზემოთ ხსენებულ ასაკოვან ჯგუფებში გამოვლენილიყო გამარჯვებულები, რომლებიც ჭადრაკში 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა

7 მარტს  საქართველოს  ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის / მთავრობის წევრეებმა  და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით  შეამკეს.

ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა  და ახლობლებს. ჟიული შარტავას დამ,  ცისანა შარტავამ  მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც  წლების მანძილზე პატივს მიაგებდნენ ჟიული შარტავას ხსოვნას.

7 მარტს, სენაკის ცენტრალურ პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ ყვავილებით შეამკო ჟიული შარტავას ძეგლი და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.

ჟიული შარტავა გაიხსენეს ასევე რუსთავში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის ძეგლი.

კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება – აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი" პრეზენტაცია გაიმართა. „20 წლის შემდეგ", ასე ერქვა პროექტს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ განახორციელა და მის ფარგლებში გამოიცა კრებული - „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი".

კრებული თავს უყრის აფხაზეთის მკვიდრ სხვადასხვა თაობის ლიტერატორებსა და ხელოვანებს, აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს და მკითხველს მათ მიერ დევნილობის მძიმე წლებში ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ განვლილ გზას და მათ შემოქმედებით ცხოვრებაზე, წარმატებებზე მოუთხრობს. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით გამოიცა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

დღეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის, აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. საიუბილეო საღამოზე, დიმიტრი გულიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს, ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მწერლის შემოქმედების როლსა და მნიშვნელობაზე, ნაჩვენები იქნა დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. საზოგადოებას მიესალმნენ და მწერლის მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა, ცხუმ -აფზაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა ტიტე მოსიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროფესორმა ვაჟა შენგელიამ, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწე სვეტლანა ქეცბამ, პროფესორმა რუსუდან ჯანაშიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წევრები, პროფესორები, ისტორიკოსები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები  და პოეტები.

კონფერენციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.

109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა

109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ , იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური  განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.

ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად", ბინა 109 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედ დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ. 

2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი  576 ოჯახს გადაეცა.

აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონებისათვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კინოცენტრი ,,აფხაზეთი“-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი ,,მომავლის ხმის“ ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალთა დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა . ღონისძიებას აფხაზეთის კონფლიქტის დროს  დაღუპული მეომრების დედები, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული და მრავალშვილიანი დედები ესწრებოდნენ. შემოქმედებით საღამოში  მონაწილეობდნენ  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ფოლკლორის ეროვნული სკოლის აღსაზრდელები, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის  ნორჩი დეკლამატორები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საპატრიარქოსა და  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა .

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში“ აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა თაობის ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი განსხვავებული ჟანრის 24 მხატვრის 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მომავალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ გალეერებში მოეწყობა.

მხატვრების საგაზაფხულო გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საქართველოს მხატვართა კავშირი და მათი წარმომადგენლები.

გამოფენაზე ქართული და აფხაზური სიმღერები შესრულდა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რაისა ქარაიას 75 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის – რაისა ქარაიას 75 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მისასალმებელ სიტყვაში მოწვეულმა სტუმრებმა ქალბატონ რაისას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს და მას დაბადების დღე მიულოცეს, ხოლო შემდეგ დრო კონფერენციის მომხსენებლებს დაეთმოთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთისა რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელობამ დევნილ ქალბატონებს 3 მარტი მიულოცა

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, აბაშაში, მარტვილში, ფოთსა და სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი შვილმკვდარი დედები მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

3 მარტი მიულოცეს ქუთაისში, ზესტაფონში, ხონსა და ბათუმში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამაც. ზაზა ჩაჩავამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა დედებს სასაჩუქრე ნობათები გადასცა.