აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია გახდა, რომელიც დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იყო.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

„დღეს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.

14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიისა და საერთო მარცხის დღეა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ,  აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით საკუთარი სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

28 წლის შემდგომაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმეა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების „სრულ კონტროლს“ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის.

მჯერა რომ, ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად აღვადგინოთ ისტორიული ერთობა და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში." - დავით ფაცაცია

რუსლან აბაშიძე: მინდა აღვნიშნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. ჩვენი მოქალაქეები სამშობლოს და ჩვენი საზოგადოების ერთიანობის იდეას შეეწირნენ. მათი ხსოვნა მარადიულია. ყოველთვის, როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვკრძალავთ, ტკივილი გვიახლდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დღეები ჩვენთვის შვებაცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი, ოჯახის წევრებს ეძლევათ საშუალება, პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მინდა, მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც ამ პროცესის წარმატებისთვის ეწევიან. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა წარმომადგენლებს სოხუმიდან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან და ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 1 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„14 აგვისტო უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი. განუზომელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე.

14 აგვისტო ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. აფხაზეთის ტერიტორიის ,,ეფექტურ კონტროლს“ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. წლების განმავლობაში, ,,ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელი ძალა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებაზე ძალადობს. რუსული ოკუპაციის პირობებში, ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული ადამიანის უფლებების დარღვევები. აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკური ქართველების უფლებები კი არ ილახება, მიზანმიმართულად ტარდება საზოგადოების ასიმილაციის პოლიტიკაც.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ ის ტრაგიკული მოვლენები ჩვენი საერთო მარცხია და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნას. ჩვენი საზოგადოება მტკიცედ დგას და მხარს უჭერს უალტერნატივო სამშვიდობო პოლიტიკას.

მჯერა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მეშვეობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გამთლიანებას, ქვეყნის გაერთიანებას და მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან,  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

“სამების საკათედრო ტაძარში პატივი მივაგეთ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალიხსმევით 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ჩართული არის როგორც ქართული ისე აფხაზური მხარეც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ყველა ის შედეგი, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ამ საქმეში კი აფხაზური მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას!” - განაცხადა დავით ფაცაციამ

რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირიდან ხვალ ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 589 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 211.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი მოსახლეობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის პროფესიული განათლების სერვისების შეთავაზებასა და მაქსიმალურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პირებისთვის დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ხელი შეეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, საერთაშორისო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა პროფესიული დარგის (ხის გადამუშავება, ტყის მართვა, თიხაზე მუშაობა და სხვ.) განვითარების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას და ამ კუთხით არსებული ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართვას ახალი პროფესიული პროგრამების განვითარებისა და დანერგვის პროცესებში.

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ანგარიში სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ამ მიმართულებებით მიმდინარე სიახლეებს მოიცავდა.

 

სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს 6 თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

მინისტრმა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, ინიციატივებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ლევან თევზაიას განცხადებით, მიმდინარე წელს, პირველად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების რაოდენობა 5-დან 15-მდე გაიზარდა. ასევე, წელს პირველად გაიზარდა სამინისტროს პროგრამული დაფინანსების მაჩვენებელი და შემუშვდა დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები.
მთავრობის წევრებს, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილემ მურად აბლოთიამ დეტალურად გააცნო უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შედეგები.
,,დევნილთა სოციუალური დახმარების პროგრამის’’ ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია 1857,
ხოლო ,,აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძლების ვეტერანების მხარდაჭერის’’ პროგრამით 279 დევნილ ოჯახს. ,,დევნილთა დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის’’ პროგრამით ისარგებლა 56, ხოლო ,,განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების’’ პროგრამით 34 ოჯახმა.
ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა პეკინის 41-ში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით საქველმოქმედო აქტივობები ათეულობით უკიდურესად შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განახორციელა.
სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიერ საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50 ობიექტზე აზომვითი ნახაზი მომზადდა. დევნილთა სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრში იურიუდიული კონსულტაცია 208 ბენეფიციარმა გაიარა, განსახლების ობიექტებში ჩატარდა კომპლექსური კვლევები და სადეზინფექციო სამუშაოები, 96 ობიექტზე შეფასდა და განხორციელდა აღწერითი სამუშაოები, 280 დევნილთა განსახლების ობიექტს დეზინფიცირება ჩაუტარდა.
გარდა ამისა, სააგენტომ მოიპოვა მცირე გრანტი სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან, რომლის ფარგლებში ხონის მე-4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ წლის ბოლომდე დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს.

 

კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა გრძელდება

გრძელდება კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა.
ამჯერად საჩხერეში, ვანში,წყალტუბოში, ბაღდათსა და ჭიათურაში მცხოვრებმა დევნილებმა სამინისტროს მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ორგანიზენით ჩატარდა.
შეხვედრების ფარგლებში, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, თანამშრომლებთან ერთად, დევნილებს დეტალურად გააცნო მიმდინარე პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმები და პროცედურები.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო, ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთანაც გამართავს.

 

13 წელი აგვისტოს ომიდან
,,13 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო - ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვასა და უკანონო ბორდერიზაციას.

მაგრამ აღსანიშნავია, ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში „სრულ კონტროლსა“ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და სახალხო დიპლომატით ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენა.

ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაერთიანდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენეტიტეტს შესწირა საკუთარი სიცოცხლე!"- დავით ფაცაცია.
რუსლან აბაშიძე: საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას და ქვეყნის დეოკუპაციას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ქედს ვიხრი  2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნის წინაშე. მათი გმირობა  სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია.

ჩვენი საზოგადოება მტკიცედ იზიარებს სახელმწიფო კურსს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ და  თანმიმდევრული ნაბიჯების მეშვეობოთ,  საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ  ჩვენი საზოგადოებების  გაერთიანებას და  ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ენგურის ხიდი მოინახულეს

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, სამეგრელოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ენგურის ხიდი მოინახულეს.

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.

შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ასევე, გაიმართება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.