აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ძალიან დიდი სტიმულია საქართველოსა   და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის.   აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

საგულისხმოა, რომ პირველი ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში 2017 წელს დაფიქსირდა, რამაც დაამტკიცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერირტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ეს იყო პირველი უპრეცედნტო შემთხვევა, როდესაც ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებდა ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ ჩანაწერმა, ერთი მხრივ სერიოზულ დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მეორე მხრივ, იყო მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არ შეეგუებოდა საქართველოსთვის წართმეული რეგიონების აღიარებას.  ახალი რეზოლუციის წარდგენა კონგრესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოსთვის,  რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ტრადიციად იქცა.   მაშინ, როდესაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის 20%  პროცენტს ვერ აკონტროლებს, ეს რეზოლუცია  უაღრესად სასარგებლოა მისი პრესტიჟის ამაღლების,  სამომავლო განვითარებისა და წინსვლისათვის. ამერიკის კონგრესისა და ევროკავშირის  ქვეყნების მიერ  წლების მანძილზე მიღებულმა მხარდამჭერმა რეზოლუციებმა, უდიდესი როლი შეასრულა არაღიარების პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ცხადი მაგალითია, ვანუატუ  და ტუვალუ, რომელთაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება უკან გამოიხმეს საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შემდეგ. როგორც ჩანს, არც ვენესუელა იქნება გამონაკლისი, რაზეც მეტყველებს ამერიკაში საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა   ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელ კარლოს ალფრედო ვეკიოსთან. ვეკიომ განაცხადა, რომ  როდესაც  ახალი მთავრობა სრულ კონტროლს მოიპოვებს ქვეყანაში, გახსნიან ურთიერთობებს საქართველოსთან.  მანვე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და აღიარებენ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია კი ვეკიოს აზრით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს სიტყვები ყოველ  ჩვენგანს ამხნევებს და ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ასევე, ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. ნათქვამია ისიც, რომ ისინი  გმობენ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს  – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუცია აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევათა აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას.

რეზოლუციის ტექსტი ადასტურებს, რომ  რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობა ვერ გადალახავს არაღიარების პოლიტიკურ საზღვრებს, რაც მრავალწლიანმა  მძლავრმა საერთაშორისო მხარდაჭერამ და ერთიანობამ განაპირობა. ცხადი ხდება, რომ არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა, რაც მსოფლიო თანამეგობრობის დაუღალავი მუშაობის შედეგია.

რეზოლუციის ფონი გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მრავალჯერ ნათქვამი. საქართველო  ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შეეცდება   მშვიდობიანი გზებითა და მეთოდებით გააასმაგოს მუშაობა ოკუპირებული რეგიონების პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებასთან, საბოლოო მიზნის განხორციელებისათვის.   ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების  აღდგენის გზაზე,  საერთო ენის გამონახვით, ყველამ  ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება.

2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო.

 სხდომაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგები განიხილეს. ასევე, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.

მთავრობის წევრებმა ცვლილებები შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

 

ვახტანგ ყოლბაია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბულგარეთის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 მიმდინარე წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ, რომლებმაც იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისთვის. ხაზე გაესვა იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილი სასათბურე მეურნეობის მნიშნელობას რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისა და საარსებო წყაროებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის დასათვალიერებლად იაპონიის ელჩი რუხში მიიწვიეს.

     ასევე,  საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

     შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა  ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო

სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში შესულია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეორგოლი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვასა და განათლებაში განხორციელებული პროექტებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობას. აღნიშნული მეურნეობის დასათვალიერებლად ვახტანგ ყოლბაიამ იაპონიის ელჩი რუხში მიიწვია.

ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი პერსპექტიული, ალტერნატიული გზებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა  ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში

2019 წლის 6 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავას შორის. 
შეხვედრაზე რეზო ქობალიამ ხაზგასმით ისაუბრა წარმომადგენლობაში 2019 წელს განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს მაიზერ ნანავა და რეზო ქობალია შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭირბოროტო საკიტხების მოგვარების მიმართულებით.

 
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეტრმა და მისმა დამაარსებელმა, რეჟისორმა გიორგი რატიანმა იუბილე აღნიშნეს

4 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ,,თეთრი ტალღა" დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო საღამო ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ მინიატურული დადგმით გაიხსნა (რეჟისორი გიორგი რატიანი). შემოქმედებითი საღამოს მსვლელობისას თეატრის დამაარსებელმა გიორგი რატიანმა მოიგონა, თუ რა რთულ პირობებში დააფუძნა მან 1988 წელს თეატრი, თუ როგორ გადააკეთეს იმ დროისთვის სოხუმის მასწავლებელთა სახლის კინოდარბაზი თეატრის სცენად და დადგეს პირველი სპექტაკლი იოზებ კალაბის პიესის მიხედვით - „ჩვენი ეზო“. სპექტაკლის პრემიერა 1991 წლის 10 მაისს გაიმართა. თეატრს კიდევ ერთი პრემიერა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 14 აგვისტოს ომი დაიწყო და თეატრის სოხუმური ცხოვრება გაწყდა... საიუბილეო საღამოზე უჩვენეს გიორგი რატიანის მიეს შესრულებული როლების რეტროსპექტივა,

საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა თეატრის საქმიანობის კულტურული როლი და მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიხეილ რატიანს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

,,თეთრი ტალღის” მსახიობები სხვადასხვა ნომინაციებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გიორგი რატიანს გაწეული საქმიანობისათვის და ისურვა: ძალიან მალე ერთად ჩავსულიყავით სოხუმში და გვეთქვას: ,,გამარჯობა, სოხუმო!“

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი რატიანს „სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია“ გადასცა, ხოლო თეატრ ,,თეთრი ტალღას“ კი - მადლობის სიგელი. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს და თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა ჯილდოები გადასცა.

თეატრისა და გიორგი რატიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე მეუფე დანიელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სხვ.

დასასრულ, თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლი ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ ავანსცენაზე გადაჭიმული გემის ბაგირთან საფინალო სცენა გაითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ბაგირთან მდგარმა არაერთმა თაობამ იცის, რა განუმეორებელი იყო აფხაზეთი და ისინიც მოუთმენლად ელოდებიან იქ დაბრუნებას. ამ თეატრის უმთავრესი მისიაც ეს არის: ახალგაზრდობას არ დაავიწყოს სოხუმი და იქ დაბრუნებისთვის შეამზადოს!

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისა და გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ მიხეილ რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილესა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სხვადასხვა ნომინაციაში თეატრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცა. ასევე, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია მიანიჭა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს, თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა სახელობითი ჯილდოები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრი,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019   წლის  4  თებერვალს  აფხაზეთის   ა/რ   ფინანსთა   და  ეკონომიკის   სამინისტროში  გაიმართა   მორიგი   სამუშაო   თათბირი.   მინისტრმა   მოისმინა  სტრუქტურული   ქვედანაყოფების  ხელმძღვანელებისგან   გასული     კვირის  განმავლობაში   გაწეული   მუშაობის   ინფორმაცია.  მურმან  ფარფალიამ   კვლავ  დააყენა  საკითხი   შ.პ.ს .  ‘’ავტოტრანსერვისის’’    ლიკვიდაციის    და     პოლიკლინიკების   გაერთიანების  შესახებ,  რომელიც  უნდა   დასრულდეს    უახლოეს   დროში. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.

ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია მდინარე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული,  ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მდინარე ენგურზე არსებული ერთადერთი გადასასვლელი „ღორის გრიპის“ ეპიდემიის საბაბით საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში დასრულდა აპარატის (მესამე რანგი-მეორე კატეგორია) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი.

       აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასრულდა აპარატის (მესამე რანგი-მეორე კატეგორია) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის  მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა 36 (ოცდათექვსმეტი) კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე –  (ტესტირება)  გადასვლის უფლება მოიპოვა 2 (ორმა) კანდიდატმა.  კონკურსში მეორე ეტაპის (ტესტირება) გადასალახად გამოცხადდა   1 (ერთი)   კანდიდატი.    ტესტების პასუხების შეფასების შედეგად გაირკვა, რომ  კონკურსის მეორე ეტაპი  წარმატებით გადალახა ერთმა  კანდიდატმა რითაც  მოიპოვა კონკურსის მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე გადასვლის უფლება. კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შეფასების ქულებისა და მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგების  გათვალისწინებით,  ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.

ქუთაისში გურამ ოდიშარიას შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  ქართველი მწერლის, „მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის“, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თემურ ლანჩავა, რომელთაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში გურამ ოდიშარიას  ღვაწლზე ისაუბრეს.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019  წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.

 პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინფორმაცია ბანერზე: ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“