“გენდერული ცნობიერების ამაღლება”

2015 წლის 25 ივნისს საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისათვის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ იქნა  ტრენინგი თემაზე „გენდერული ცნობიერების ამაღლება“.  ტრენინგი დაიგეგმა  გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 58-ე სესიაზე საქართველოს მიმართ წარმოდგენილი  დასკვნითი მოსაზრებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.      ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის პროფგაერთიანების  ადამიანური რესურსების მმართვის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

ტრენინგის მიმდინარეობის პერიოდში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1. ტრენინგის საპრეზენტაციო ნაწილში, გაკეთდა სამი მოხსენება ( pp ფორმა- სლაიდების ჩვენებით) თემაზე:

ა) ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტი, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია და მისი ფაკულტატიური ოქმი;

ბ) გენდერული ანალიზი საჯარო სამსახურის სფეროში;

გ) გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში წარმოდგენილი რეკომენდაციები იძულებით გადაადგილებულ  პირთა მიმართ.

2.  ტრენინგის სასწავლო ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს შემდეგი დავალებები:

ა) სავარჯიშო  „ინოვაციური ხედვა“;

ბ) გენდერის დეფინიციის შედგენა;

გ) ჯგუფური სამუშაო – ‘გენდერული კომიტეტის სხდომა;

დ) შეავსეს კითხვარი – „გენდერული ცნობიერების ამაღლება“.

მონაწილეთა მიერ შევსებული ‘შეფასების ფურცლების ანალიზის თანახმად, ტრენინგი და ტრენერის მუშაობა შეფასდა უმაღლეს ქულაზე (5). მათ კომენტარში ტრენინგი  იყო დროული, აქტუალური და შემეცნებითი.

წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" განხილვა აფხაზეთის მთავრობაში

25 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტებისა დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა.

წიგნის ავტორები არიან წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯემალ გახოკიძე და სოფო მიდელაშვილი. ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა პრობლემებმა. კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ზემოთ ხსენებული ცენტრი ჰონკონგის ფენომენმა დააინტერესა, რადგან 1997 წელს ჰონკონგის დედასახელმწიფოში დაბრუნების ფაქტი იყო უნიკალური მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში. ჰონკონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. ამიტომაც, წიგნის ავტორებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა. იგი განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.

წიგნის განხილვისას გაიმართა საინტერესო დისკუსია აფხაზეთის ხელისუფლების წევრებისა და მოწვეულ სტუმართა მონაწილეობით. აღნიშნულ ნაშრომს მიეცა მაღალი შეფასება, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური მასალის საფუძვლიანად გაცნობას, შესაძლებელი პარალელების გავლებას, მსგავსებებისა და განსხვავებების ძიებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

ჯემალ გახოკიძის თქმით: "არ შეიძლება ჩინეთის მიერ განხორციელებული დიპლომატიური სვლების პირდაპირი კოპირება და გადმოტანა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ჰონკონგის პრეცედენტი არის ანგარიშგასაწევი და ყურადსაღები, ის უნდა იქნეს კრიტიკულად გაანალიზებული, სწორედ ეს არის ამ წიგნის მიზანიც".

დასასრულს, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებას.

ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ აღიარებული ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა.

ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოიფინა აღიარებული ქართველი მხატვრების: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ლ. ლონგოს, ა. ციმაკურიძის, ე. ბაღდავაძის, კ. მახარაძის, ვ. შერპილოვის, დ. ხახუტაშვილის, რ. სტურუას (უფროსი), ლ. ბაიხჩევის, თ. ბალანჩივაძის, შ. აბრამიშვილის, ქ. მაღალაშვილის და სხვა მხატვრების 25-მდე ნამუშევარი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაშია შესული.

ამჟამად სურათები თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საცავშია დაცული. გამოფენა ორი კვირა გასტანს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 24 ივნისს ჩატარდა ლექცია–სემინარი (ტრენინგი) საარქივო საქმიანობასთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ჩატარდა ლექცია–სემინარი (ტრენინგი) თემაზე: საარქივო დაწესებულებებში განსახორციელებელ ნორმატიულ მეთოდური მითითებებისა და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსიპ–ს ეროვნული არქივის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტა. ლექცია–სემინარი (ტრენინგი) დაიწყო 13:00 საათზე და იგი გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა. მან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს მნიშვნელობაზე. ლექცია–სემინარს (ტრენინგს) ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა –ავთანდილ ხაზალიამ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერასტი ფენდერავამ, ირაკლი გუგუშვილმა და ასმათ ანდრიბავამ.  ლექცია–სემინარს (ტრენინგს) უძღვებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსი – სვეტლანა ხუბულავა, რომელმაც გააკეთა მოხსენება, თემაზე–”სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტის ” (საკომლო წიგნები, საბინაო ორდერები და საბინაო წიგნები) დაცვა–შენახვის სამართლებრივი საფუძვლები და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა–დაცვის, გამოყენების ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო–ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მარინა გადელია, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე–”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივსაცავის არსი და მისი მნიშვნელობა”. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებში არსებულ საარქივო საქმიანობის ხარვეზების აღმოფხვრისა და საჯარო დოკუმენტების მოძიება დაცვა–შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს.  განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ბელა ჩხაპელიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ავთანდილ ხაზალიამ, ქრისტინე კაჭარავამ და ხატია მესხიამ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელმა ლევან ბარათელმა, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მადონა ლეჟავამ,  ზემო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენელმა თათია ეპიტაშვილმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეთერ ძიმისტარაშვილმა. განსახილველი თემების ირგვლივ მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თუნგიამ.

აფხაზეთის ხელისუფლების თანამშრომელთა ხელფასიდან ერთი პროცენტი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ყველა უწყების თითოეული თანამშრომლის ხელფასიდან ერთი პროცენტი თბილისის მერიის მიერ შექმნილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არსებული სპეციალური სახაზინო ანგარიშზე გადაირიცხა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული დედაქალაქის გაწმენდით სამუშაობში და ორგანიზებულად იყვნენ გადანაწილებული სხვადასხვა ობიექტებზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა სტიქიის დროს მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მ.წ. 20 მაისს თბილისში გლდანის ყოფ. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილება. სამუშაოების ფარგლებში სულ 150-მდე ძირი ხე დაირგა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინციატივით მოეწყო.
გამწვანების აქციაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმი იყვნენ ჩართულები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს

17 ივნისს, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სვხადასხვა უწყებებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ეროვნულ სისხლის ბანკში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. სისხლის ბანკი ცენტრალურ საავადმყოფოებსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას დონორების სისხლით ამარაგებს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აქტიურად არის ჩართული დონაციის პროგრამაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა კობახიძე-ონიანი დაესწრო.

„მზიური“-ს მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აქტიურად  მონაწილეობენ „ქალაქ მზიურის“ მიმდებარე  ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. 2015 წლის 13 ივნისს ვერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის დასასუფთავებლად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულეთა ხსოვნის პატივსაცემად ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად მოწყობილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

ჩვენს დედაქალაქს ძლიერი წვიმის შედეგად სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, თანაგრძნობა და თანადგომა გამოვუცხადო მათ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს. ზარალი ძალიან დიდია. წყალდიდობამ და მოვარდნილმა წყალმა მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, მოიშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმეა თბილისის იერსახის ასეთი ცვლილების აუღელვებლად აღქმა. ჩვენი მთავრობა დაეხმარება მერიას, სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს ქალაქის სარეაბილიტაციიო სამუშაოების ჩატარებაში.

ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ასეთი სტიქია ყველას გვაზარალებს, შლის ქალაქის რიტმს, რაც მძიმედ აისახება ყოველი ჩვენგანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. მინდა ჩვენს საზოგადოებას, საჯარო დაწესებულებებს, ბიზნესის, სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, შევთავაზო საზოგადოებრივი ფონდის ჩამოყალიბების იდეა. ფონდის ფარგლებში ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის. ასეთი ღონისძიებებით შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ვახტანგ ყოლბაია,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ხურჩასა და რუხში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში დღეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხურჩასა და რუხში მცხოვრებ 500-მდე დევნილს ჩაუტარდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა.

ღონისძიებას ადგილზე ადევნებდა თვალს და დევნილთა პრობლემებს ეცნობოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე. პროცესს ხელმძღვანელობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტარდებათ.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება.

ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, 2015 წლის 12-13 ივნისს იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.

შეჯიბრი ლეგენდარული სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს 1996-2001 წწ. დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მძლეოსნობის ექვს სახეობაში სულ 12 გამარჯვებული  გამოვლინდა, 6 გოგონა და 6 ვაჟი.

100 მეტრზე სირბილი – სალომე ფოცხვერაშვილი და ვაჟა უტურაშვილი;

800 მეტრზე სირბილი – ლიდა ბერძენიშვილი და ნიკა ხოჭოლავა;

სიგრძეზე ხტომა – მარი თათარაშვილი და ირაკლი გელანტია;

სამმაგი ხტომა – მაკა სანიკიძე და ირაკლი გელანტია;

ბირთვის კვრა – სალომე თურმანიძე და ბადრი ქიმაძე;

ჭოკით ხტომა – დიანა ზოლოტუხინა და მიშა ცანავა;

გამარჯვებული სპორტსმენები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს მძლეოსნობის პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს თამარ ჯუღელს შეხვდა.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური ენის სპეციალისტი  ირმა ოსია, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარატმენტის უფროსის მოადგილეს მარინა შენგელია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. განხილულ იქნა ენგურს გამოღმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 კლასებში 2015-2016 სასწავლო წელს, არჩევით სწავლების ფორმად, აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლების დანერგვის მოკლევადიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს საქართველოს მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ხელშეწყობით აფხაზური ენის მცოდნე პედაგოგთა ტრენინგ-პროექტის მომზადება-განხორციელებას, ანიმაციური ფილმის შექმნას პატარებისთვის. დაგეგმილია გრძელვადიანი პროექტის შემუშავება აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში აფხაზური ენის სწავლების მსურველთა რაოდენობის გაზრდა და შემდგომში მათი დასაქმება საჯარო დაწესებულებებში.

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზვამ და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღეს.

ქუთაისის „ბიზნეს ინკუბატორში“ დასუფთავების აქცია გაიმართა

დღეს, ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სსიპ „ბიზნეს ინკუბატორში" დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დასუფთავების აქციაში მონაწილეობის პარალელურად სსიპ „ბიზნეს ინკუბატორის" მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. ამჟამად ტერიტორიაზე მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ საწარმოსთვის გადაცემული სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა, დაგეგმილია პროფესიული სასწავლო კოლეჯის ამოქმედება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ბიზნეს ინკუბატორს" სერიოზული გეგმები აქვს, მალე სრული დატვირთვით ამუშავდება და 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„შენობა, რომელშიც სსიპ „ბიზნეს ინკუბატორია" განთავსებული, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით გადასცა აფხაზეთის მთავრობას. ტერიტორია საკმაოდ დიდია და მოვლა-პატრონობას მოითხოვს. მწირი შესაძლებლობების მოუხედავად, ეს ორგანიზაცია მაინც ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას. არ შემიძლია უდიდესი მადლიერებით არ მოვიხსენიო აშშ-ის განვითარების ფონდი, რომელმაც ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, იაპონიის საელჩო. ამ ტერიტორიაზე განთავსდება საცდელი სასათბურე მეურნეობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ციტრუსოვანი და სხვა მცენარეების, ასევე მრავალნაირი ჯიშის ყვავილების საგამოფენო პავილიონი, საბოლოოდ კი აქ წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელზე გაიყიდება. შემდგომში კი არსებული ფართები სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-ცენტრების ოფისებად იქნება გამოყენებული. უკვე არსებობს ჩაის, წისქვილკომბინატის საამქროები, მაღაზიაც პრაქტიკულად აშენებულია - ერთი სიტყვით, ძალიან სერიოზულ მუშაობას და რაც მთავარია, 2000-მდე ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. იქნება მომუშავე პერსონალის გადამზადების, ბიზნეს-ტრენინგების საშუალებაც, რაც კვლაიფიციური მუშახელს სხვდასხვა სექტორში დაასაქმებს. ჩვენ ვცდილობთ „ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელს ბატონ ალუ გამახარიას აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება. მთავრობა დაინტერესებულია, განვავითაროთ ეს პროექტები და დავასაქმოთ დევნილი საზოგადოება. მივცეთ მათ წინსვლისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ რეალური, ყველასათვის მისაღები შედეგების დადებას," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.