საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აჭარაში ე.წ. კომპენსირებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია დაესწრნენ.
ე.წ. კომპენსირებული დევნილების პრობლემების განხილვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მწვავე პოლემიკის რეჟიმში წარიმართა. დევნილები აცხადებენ, რომ ისინი მცირე ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სხვადასხვა სასტუმროებიდან გამოასახლეს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ თანხა ძალის გამოყენებითა და მოტყუებით ააღებინა, ამ თანხით ვერაფერი შეისყიდეს, უბინაოდ არიან და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი საკმაოდ პრობლემურია, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი და არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპები. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად იმუშავებენ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და ე.წ. კომპენსირებული დევნილები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასაც მიაწვდიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის ამოცანები. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა კერძო სადაზღვეო კომპანიებსა და დევნილთა პოლიკლინიკების ურთიერთობაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება დევნილი მოსახლეობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე, ყურადღება გამახვილდა საყოველთაო დაზღვევის გეგმიურ პროგრამაზე. გამოიკვეთა დევნილ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხზე და ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკვაშირებით დევნილთა შეკითხვებს უპასუხა. ასევე, სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამებიც გააცნო.
იძლებით გადაადგილებულმა პირებმა ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა პოლიკლინიკების რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა ითხოვეს.
შეხვედრას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები რაისა ქარაია, ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.
2014 წლის დასაწყისში ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლებაში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსში" მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება. დაწესებულება დევნილებს, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილობრივებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უფასოდ მოემსახურება. „ენგურის სამედიცინო კომპლექსი" 150-160 საწოლზე იქნება გათვლილი. კომპლექსის რემონტსა და აღჭურვაში 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ის ამერიკისა და შვედური ფონდების დახმარებით ხორციელდება.
საავადმყოფო დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა: აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გენადი გადელიამ, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა კორნელი სალიამ, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა თამაზ კვარაცხელიამ, აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნანა შეროზიამ, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა დაათვალიერეს.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ინიციატივით გორის სასულიერო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პოეტი გენო კალანდია, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი"-ს ფარგლებში, მხატვარმა შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის - ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე 45-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. პარალელურად, გორის ახალგაზრდული ანსამბლის მონაწილეობით აფხზური ცეკვა და ქართულ-აფხაზური სიმღერები შესრულდა.
ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.
დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომპლექსური, მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა. გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია და რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნანა გუგუჩია, მოადგილეები: მარინა ონიანი და ნანა უბილავა ესწრებოდნენ.
აქციის ფარგლებში, დევნილებმა კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო მომსახურება (ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარეს. მთელი დღის განმავლობაში მათ კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ეკგ, ულტრასონოგრაფია, გლუკომეტრია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, რენტგენოგრაფია) ჩაიტარეს. იძულებით გადაადგილებულ პირებმა მედიკამენტები და ჰუმანიტარულ დახმარება (გლუკომეტრები, ტონომეტრები, საბავშვო პამპერსები და სხვ.) მიიღეს.
კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში 200-მდე ოკუპირებული აფხაზეთიდან და 1100-მდე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ცხოვრობს.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟიული შარტავას ბოლომდე ბრძოლის ისტორიის შესახებ გადაცემაში „ეპოქის სახელები“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სპორტის სამ სახეობაში (ნარდი, ჭადრაკი და მინი-ფეხბურთი) „აფხაზეთის მინისტერიალი 2013" ჩატარდა.
სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და დეპარტამენტების გუნდებმა.
ფინალურ შეხვედრა მინი-ფეხბურთში დღეს გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის გუნდები დაუპირისპირდნენ.
„მინისტერიალი 2013"-ის გამარჯვებული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თასები, სიგელები და დიპლომები გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში იწყებს განაცხადების მიღებას, რომელიც გულისხმობს სპორტულ-საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო, არამომგებიან იურიდიულ პირებს ან/და მათ სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული მიმართულებით მომუშავე სსიპ-ებს.
პროექტის წარდგენის პერიოდი: 2013 წლის ივნისი-სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: www.meca.gov.ge/
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა 8-9 ივნისს ქ.ქუთაისში, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კახათში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების 100-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება (კვების პროდუქტები, პირველადი ჰიგიენური მოხმარების საშუალებები და სხვა) მიიღო.
მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს დევნილების პრობლემები და გაეცნენ კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში არსებულ საერთო ვითარებას.
ღონისძიება შპს „მეგაკოსა" და სხვა საქველმოქმედო კომპანიების მხარდაჭერით მოეწყო.
უდიდესი ტკივილია მთელი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ჰელმანდის პროვინციაში. მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თანავუგრძნობ მათ და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა და უკვდავი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი შთამომავლობის მეხსიერებაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე განხორცილებული თავდასხმის დროს 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის კაპრალ თეიმურაზ ორთავიძის, კაპრალ გიორგი ადამოვის, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილის, რიგითი მიხეილი ნარინდოშვილის, რიგითი ბორის ცუგოშვილის, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილის და რიგითი გიორგი ღუჭაშვილის დაღუპვის გამო, სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს და ახლობლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზუგდიდის რაიონ სოფელ კოლხიდაში ჩასახლებული ჟვანიების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა, საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
ჟვანიების 8 სულიანი ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად ქვეწარმავლების შემოსევაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოჯახს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
ვახტანგ ყოლბაია ასევე შეხვდა აჭარაში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც 2005-2006 წწ ბათუმში არსებული სხავადასხვა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტიდან უკანონო გამოსახლებას აპროტესტებენ და მათ პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა.
ბათუმში ყოფნისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
საუბარი შეეხო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, სახალხო დიპლომატიის და უნივერსიტეტთა თანამეგობრობის როლს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი ახალგაზრდების ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ბავშვთა უფლებებს კონფლიქტურ რეგიონში და სხა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრაზე დაისახა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ სკვერში აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა საქველმოქმედო აქცია - კონცერტი გამართეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე მიულოცა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. ასევე მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა. ქველმოქმედების სახით შემოსული თანხა მსოფლიო ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
კომპანია ,,ბარამბო" აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
საქველმოქმედო კონცერტი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით და კინოცენტრი ,,აფხაზეთი'' და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის ,,მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გენადი გადელია დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში კლინიკასთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფში (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები) დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებათა მინიმიზაციის და თავიდან აცილების საწინდარს წარმოადგენს.
დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მისი მიზანია ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე მისულმა ბავშვებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.